საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების, ეს არის შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რაც აღიარებულია სამეცნიერო საზოგადოების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ინოვაციური მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია.
„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში. ეს გახლავთ კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ საქართველოში აღმოჩენილია რბილი ხორბლის კვალი. იმ ხორბლის, რომლისგანაც დღეს პური მზადდება. ეს თარიღდება 8 000 წლით, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, 8 000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში. ასე რომ, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. ეს გახლავთ, მე ვიტყოდი, უკვე შტამპი იმისა, რომ 8 000 წლის წინ საქართველოში უკვე იყო რბილი ხორბალი, რომელიც არის მოშინაურებული და ეს არის სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული.
ამერიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი გახლავთ ძალიან მაღალი რეიტინგის და ასევე მას აქვს ძალიან დიდი რეპუტაცია. უკვე არის მაღალი რანგის ექსპერტების გამოხმაურებები. ეს აჩვენებს, რომ საქართველოში მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევების საფუძველი თავის დროზე სწორედ ქართველმა მეცნიერმა, ქალბატონმა ნანა რუსიშვილმა ჩაუყარა, ძალიან ცნობილმა პალეობოტანიკოსმა, რომელიც გახლავთ ამ სტატიის ერთ-ერთი მთავარი ავტორი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია, საქართველო, ნეოლითის პერიოდში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი ცენტრი“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

