ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026

დავით ზურაბიშვილი თავისი შვილისადმი პოლიციელების მუქარის გამო გახარიას და გომელაურს მიმართავს

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი პოლიციელთა მხრიდან თავისი შვილის, გიორგი ზურაბიშვილისადმი მუქარის გამო, შს მინისტრს გიორგი გახარიას და სუსის უფროსს ვახტანგ გომელაურს მიმართავს.

საქმე ეხება 28 წლის მამუკა ბერძენიშვილისთვის ნარკოდანაშაულის გამო 8 წლით თავისუფლების, რაც გიორგი ზურაბიშვილმა Facebook-ზე გააპროტესტა.

“მსურს მოგმართოთ სრულიად ოფიციალურად იმ უმსგავსო კამპანიასთან დაკავშირებით, რაც ფეისბუქის მეშვეობით აგორდა ჩემი შვილის, გიორგი ზურაბიშვილის მიმართ

მოგახსენებთ, რომ ჩემი შვილი, გიორგი ზურაბიშვილი არის საკმაოდ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და საერთოდ შორს დგას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან. ამის აღნიშვნა შესაძლოა ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც ვაფიქსირებ, მერე რომ არ იყოს ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებზე.

იმავდროულად, გიორგი, ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ბუნებრივია, მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში. კერძოდ ის, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად აპროტესტებს ხოლმე არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის დრაკონულ პრაქტიკას. რაშიაც, ის ცხადია მარტო არ არის და მსგავსი შეხედულება აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ამჯერადაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, როდესაც მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამგვარი სასჯელის სისასტიკეს და არაადამიანურობას საქართველში არ უარყოფს არავინ, მათ შორის ისინიც, ვინც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დიდად არ ემხრობიან. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონმდებლობა უვარგისია და მისი ჰუმანიზაციაა საჭირო, თუმცა, ამ ამბავს და შესაბამისი კანონპროექტის მიღებას რომ დღემდე არ დაადგა საშველი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე. წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებთ და მუქარებით. თან ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კატეგორიულად ვითხოვ:

ა) აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორიზირების ფაქტის გამო.

ბ) გამოვლენილი (კონკრეტულად, სახელებით და გვარებით) და უმკაცრესად დასჯილი იქნენ ის პირები, ვინც ამ უმსგავსოებას სჩადის. როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები.

  1. S. აქვე ვაშეარებ რამდენიმე მესიჯს, სადაც ეს თავხედი ნაძირლები უკვე ემუქრებიან არა მხოლოდ გიორგის, არამედ მისი ფეისბუქ-სტატუსის კომენტატორებსაც” – წერს დავით ზურაბიშვილი Facebook-ზე.

21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა – საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს

საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.მარია ზახაროვამ რუსეთში რიგი ქართული სასმელების შეტანის აკრძალვის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.მისი თქმით, აღნიშნული საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსპოტრებნადზორი“) კომპეტენციის ნაწილია.„დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურიდან რაღაც პოლიტიკური ფაქტორების შექმნას და სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა საჭირო არ არის. არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც გადაეცათ მათ, ვისაც ეს პროდუქცია შემოჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში შემოტანას ათობით ქართული კომპანია ახორციელებს. დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა. ყველა დანარჩენი უპრობლემოდ მუშაობას განაგრძობს ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ზახაროვამ.ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარული ღონისძიება დაწესდა. აკრძალვა შემდეგ კომპანიებს შეეხო: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.

ირაკლი ქადაგიშვილი – მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან და სასამართლომ მიიღოს მათი აკრძალვის გადაწყვეტილება

პოლიტიკური პარტია ნიშნავს, რომ მას რაღაც გარკვეული პოლიტიკური და, მათ შორის, ელექტურალური მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მიუხედავად ელექტორალური მხარდაჭერისა, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, შეიძლება, იყოს შეუსაბამო კონსტიტუციასთან, კონსტიტუციურ წყობასთან და სასამართლომ მიიღოს ასეთი პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„ეს არის ის ნორმა, რომელიც, ზოგადად, არა მარტო პოლიტიკური პარტიის მიმართ, არამედ პიროვნების მიმართაც მოქმედებს. პიროვნებას აქვს უფლება კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებისა, მაგრამ მან, შეიძლება, ისეთი ქმედება ჩაიდინოს, რომ ეს თავისუფლება მას აღეკვეთოს. აქედან გამომდინარე, ეს ის ნორმაა, რომელიც სწორედ მაგიტომაც არსებობს, რომ რაღაც უფლება შეგეზღუდოს. ეს უფლება უნდა შეგეზღუდოს თუ არ უნდა შეგეზღუდოს, ამას გადაწყვეტს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.მისი თქმით, ამ პარტიების მხრიდან აპელირება, რომ ამომრჩეველი ჰყავდათ და ჰყავთ, პოლიტიკურად და მორალური კუთხით ძალიან არარელევანტურია.„ამ პარტიებს ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, არავინ არ უარყოფს ამას, მაგრამ რომელიმე ეს პოლიტიკური პარტია შეეკითხა თავის ამომრჩეველს, როდესაც ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტის და მტკიცებულების მოტანის გარეშე აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შედგა და, ფაქტობრივად, ქვეყანაში დემოკრატიული და საკონსტიტუციო წყობის ჩამოშლის გზას დაადგა? ამაზე პასუხი არსებობს? ვინმემ იზრუნა თავის ამომრჩეველზე? აქ ის კი არ არის მარტო, მათ რომ თქვეს, ჩვენ არ გვინდა ეს არჩევნები და არ შევდივართ ამ პარლამენტში, მათ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ვერცერთი საბუთი ვერ წარმოადგინეს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის მხრიდან სულ ამ სცენარით ვითარდებოდა, გავიხსენოთ ყველაფერი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.მისივე თქმით, როგორც კი მათთვის სასურველი შედეგი არ დგებოდა, მაშინვე იწყებოდა დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძვლების მოშლა-ნგრების პოლიტიკა.„მაგალითად, საფრანგეთში ან გერმანიაში რომ რომელიმე პარტიამ ეს ერთხელ, ორჯერ განაცხადოს, თქვენ გგონიათ, იმ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება? აუცილებლად დადგება. თქვენ გგონიათ, უკრაინაში რომ 18 პარტია აკრძალეს, ან მოლდოვაში, ან კიდევ სხვაგან, იმათ თავიანთი ამომრჩეველი არ ჰყავდათ? იქ სასამართლოც არ ჩაუტარებიათ, აქ კი ღია ეთერით მიმდინარეობს სასამართლო. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის არეალი, შეიძლება, პარლამენტს გარეთაც იყოს, რა თქმა უნდა, შეიძლება, პოლიტიკური ბრძოლის არეალი იყოს პარლამენტს გარეთაც, მაგრამ არ შეიძლება, არჩევნები, დემოკრატია და კონსტიტუციური ინსტიტუტების ლეგიტიმაცია მუდმივად, ყოველგვარი არგუმენტაციის, მტკიცებულებების გარეშე ხდებოდეს ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან დარტყმის ობიექტი. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ამის მერე ხდება ამ თემის მუსირება მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვა. საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ, რაც რაღაცნაირად ბუმერანგივით შეუტრიალდებათ ხოლმე, გუშინ, როდესაც საფრანგეთის სენატი ამკაცრებდა კანონმდებლობას უცხოურ ჩარევაზე, მიტინგებთან და ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, შს მინისტრმა, რომელსაც კანონპროექტი გამოჰქონდა, საქართველოს მაგალითი მოიტანა, რადგან ეს უქმნის ქვეყანაზე ამ წარმოდგენას მთელ მსოფლიოს და ეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ფუნდამენტურ პრობლემებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.შეკითხვაზე, რატომ მოხდა სასარჩელო მოთხოვნაში გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც ბოიკოტი შეწყვიტა და შემდგომ აღიარა არჩევნების შედეგები, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას პარტიაზეც არის ბმა, ხშირ შემთხვევაში როლები საკმაოდ ოსტატურად იყო ხოლმე გადანაწილებული, ვიღაც უნდა გარეთ გაქცეულიყო, ვიღაც შიგნით დარჩენილიყო და ასე შემდეგ.„გახარიას პარტია ბოლოს კი შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ისინი არ აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები იყო კანონიერი არჩევნები და ლეგიტიმაციის საკითხს არ აღიარებდნენ ასე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას – შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!

შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის! - ასე მიმართა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმაკრიშტიანუ რონალდუმ ხვიჩა კვარაცხელიას "ინსტაგრამის" საშუალებით."ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს.შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!", - დაწერა რონალდუმ "ინსტაგრამზე".საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა და დაწერა, რომ „უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“.

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება:„საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდად განისვენე კაპიტანო“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

გია ვოლსკი – სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო, პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პარტია კანონის მიხედვით დაკისრებულ თავის როლს როცა აღარ ასრულებს, ეს გადაწყვეტილება მისაღებია.„პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, ეს პარტიები რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცა. ქვეყნის არსებობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ადამიანთა ჯგუფი ქვეყნის არსებობას როცა ემუქრება, რას დაირქმევს — პოლიტიკურ პარტიას, თუ ნებისმიერ სხვა სახელს, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. წარმოდგენილი პრეტენზიები არანაირ შესაძლებლობას არ ტოვებს იმისთვის, რომ პარტიად იწოდებოდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საბოტაჟს ინტენსიურად ახორციელებს. ეს არაერთხელ გახდა დაპირისპირების, მათ შორის მძიმე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. მათი მცდელობები არ გაჩერებულა, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწევიან. ამ ყველაფერმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო მწვავე ხასიათი, თუმცა ეს მცდელობები არც იმის წინ გაჩერებულა. სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები