ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა ნელ-ნელა ნორმალიზდება. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით რაღაცებს მიხვდა. ყოველ შემთხვევაში, გასარკვევი ბევრია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების რაღაც ნაბიჯებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.
„მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. ვფიქრობ, დაინახეს, რომ მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას ამერიკისგან ჰქონდა, აღარ აქვს, ევროპა კრიზისშია და მომავალი, მოლოდინი ნათელი არ არის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ასეთი სახის ნაბიჯები, შეიძლება, აქედან გამომდინარეობდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

