პარასკევი, ივნისი 13, 2025

გიორგი ხოჭავა – მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო

მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა.

გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა  ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მასზე პატიმრობის პერიოდში.

„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეთერ კაკულია დღეს 83 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ეთერ კაკულია დღეს 83 წლის გახდებოდა.ეთერ კაკულია 1942 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი. ეთერ კაკულიას ძლიერი ხმა და საუკეთესო სცენური მონაცემები ჰქონდა. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად.   ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალექსანდრე ვაჩიბერაძე და ერთი შვილიშვილი მარიამი. მომღერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო ფოთის საპატიო მოქალაქე.   2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.   2015 წლის 26 ივნისს ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს. ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, თუმცა უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.   ეთერ კაკულიას ბოლო ნამუშევარი ოთარ ტატიშვილის სიმღერა – “სიმღერა ჩემი ფრთებია” იყო, რომელმაც ყველა სატელევიზიო და რადიო ეთერი და ინტერნეტსივრცე მოიცვა.   მისი უკანასკნელი პირდაპირი ეთერი კი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “იმედის კვირაში” შედგა, სადაც მომღერალმა ქართველ ხალხს სიყვარულისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა და პირდაპირ ეთერში სიმღერა უკანასკნელად შეასრულა.   13 ივნისის სტიქიის დროს ეთერ კაკულიამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ მათ გვერდით ყოფნა აღარ შეეძლო.   ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. შემდეგ კი ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.მთლიანად დაიტბორა „მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

„წამებში, შეცვლილი ცხოვრება“ – ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მე გაიზარდა. ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.მედიაში აქტიურად ვრცელდება ისტორია ინდოელ პრატიკ ჯოშსა და მის ოჯახზე, რომლებიც ლონდონში მიფრინავდნენ.„დოქტორი პრატიკ ჯოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის დიდი ხანია ოცნებობდა უკეთესი მომავლის აშენებაზე მეუღლისა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ინდოეთში დარჩნენ. წლების განმავლობაში დაგეგმვის, საბუთების მოწესრიგებისა და მოთმინების შემდეგ, ეს ოცნება საბოლოოდ ახდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, ასევე სამედიცინო პროფესიონალმა, ინდოეთში სამსახური დატოვა. ჩემოდნები ჩაალაგეს, დაემშვიდობნენ ინდოეთს.დღეს დილით, ხუთივე მათგანი, იმედით, აღელვებითა და გეგმებით სავსე, ლონდონში მიმავალი Air India-ს 171-ე რეისით მგზავრობდნენ. ეს სელფი გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს. ცალმხრივი მოგზაურობა ახალი ცხოვრების დასაწყებად იყო.მაგრამ… თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩა. რამდენიმე წამში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა. სასტიკი შეხსენებაა, რომ ცხოვრება საშინლად მყიფეა. ყველაფერი, რასაც აშენებ, ყველაფერი, რისი იმედიც გაქვს, ყველაფერი, რაც გიყვარს, ყველაფერი ძაფზე ჰკიდია. ასე რომ, სანამ შეგიძლია, იცხოვრე, გიყვარდეს და ნუ დაელოდები ხვალინდელი ბედნიერების დაწყებას“, - წერენ სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი.ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს.

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია...  ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები