საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, 5 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.
ასევე, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე.
პლენარული სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.