„მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი“, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ [ნაციონალური მოძრაობისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანების] წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამით, ვაშაძე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის თქმითაც, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის სათავეში ჩადგომას აპირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მივესალმები ამ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. ამას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უარყოფს. თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვფიქრობ ამით, მან ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ „ვისაც გინდათ, ერთად ვიბრძოლოთ, აგერ, აქავარ და არა სადმე სხვაგან“ – მორჩა და დამთავრდა“, – ამბობს გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ ტელეეთერში.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ორ მთავარ პარტიას [„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი არაფორმალური მმართველი ჰყავდა, ვაშაძემ განაცხადა – „მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ყოფილა არაფორმალური“.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას Newshub.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე.
„მიხეილ სააკაშვილს შეუქმნეს გარკვეული წინაპირობა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც, რომ ოპოზიციამ დაივიწყოს თავისი სახელი, თავისი იდეოლოგია და რაღაც გაუგებარ ჯგუფში გაერთიანდნენ, ხოლო მეორე სერიაში მათ სათავეში ჩაუდგება იგივე მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ამ თემაზე კომენტარს ასევე აკეთებს მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი და აღნიშნა, რომ „კანონის დარღვევით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიღებს”.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს.