გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომლის მიზანიც ყველაზე დაბალი ფასის იდენტიფიცირებაა, რათა ამ ფასით მოხდეს შემდგომში სასკოლო ფორმების დაკვეთა და შესყიდვა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასკოლო ფორმის დიზაინზე დიზაინერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მუშაობდა.
„ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს როგორც სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების შემცირებას.
სიახლე მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოს სკოლებში დამკვიდრდეს სასკოლო ფორმის ისეთი კულტურა და ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებისთვის არის დამახასიათებელი.
საჯარო სკოლების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, როგორც ცნობილია, სამინისტროს დაქვემდებარებაში უკვე ფუნქციონირებს ახალი სტრუქტურული ერთეული – შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ფორმის დიზაინზე დიზაინერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მუშაობდა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეირჩა ერთ-ერთი კონკრეტული დიზაინი. ამჟამად გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომლის მიზანიც ყველაზე დაბალი ფასის იდენტიფიცირებაა, რათა სწორედ ყველაზე დაბალი ფასით მოხდეს შემდგომში დაკვეთისა და შესყიდვის განხორციელება, რათა ზაფხულის ბოლოსთვის ჩვენმა მოქალაქეებმა ბავშვებისთვის ფორმების შეძენა შეძლონ.
ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახის მოსწავლე, რომლის სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა, ცნობილია სასკოლო ფორმების დიზაინიც.

