ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
იგი „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ადამიანები სხვადასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფშია და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში.
„ნებისმიერი სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირება, დაკავშირება რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემაა, როდესაც „ნეიტრალურ წევრებად“ საარჩევნო ადმინისტრაციას წარმოაჩენ და მერე შენი უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც გემორჩილება. როცა მთავრობა ხარ, ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, აი, ცესკოში საბჭო რომ აქვთ შექმნილი, ყველას ფულს ურიგებ შენთან დაკავშირებულ ჯგუფებს, რომელსაც ნეიტრალურად წარმოაჩენ.
რაც შეეხება ნონიაშვილს, რომელიც ჩვენი გუნდის ახალი ლიდერია, სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარია, მისი კარიერაც ცნობილია. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ადამიანები სხვადასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფში არიან და შემდეგ მიდიან პოლიტიკაში“, – განაცხადა ბოკერიამ.