უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებითი განსხვავებებია, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული კამპანია, ისეთი, როგორიც უნგრეთში ოპოზიციას ჰქონდა და გამარჯვება, რა თქმა უნდა, მაგალითია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ იზიარებს იმ გზას, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა.
„ალიანსის ხედვაში, რომელიც წარმოვადგინეთ, არის მიქალაქეების იმ ხარისხის უმრავლესობის პოზიციის ჩამოყალიბება, ცვლილებების აქტიური მხარდაჭერის, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი, არა თუ ისეთი, რომელიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო, არამედ აშკარა დიქტატორული კონტურების მქონე ივანიშვილის რეჟიმიც ვერ გაუძლებდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე, როგორც მოხერხდება არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა, როგორც ამას თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება.
„ყველაზე რელევანტური მაგალითი ჩვენივე ისტორიიდან არის საბჭოთა კომუნისტიური რეჟიმის დამარცხება, რომელიც არჩევნებით გაფორმდა, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერობით გაიმარჯვა, მაგრამ გარდატეხა მოხდა იქამდე და იმ ხარისხის გარდატეხა იყო, როცა საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს ვითარების კონტროლი აღარ შეეძლო. ამას უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.

