ჩვენი დღევანდელი გამოსვლის ტონალობა არ ყოფილა კონსტრუქციულობის იმიტირება – ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ სესიაზე დეპუტატ ნუკრი ქანთარიას უპასუხა. პარლამენტარები აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.
ინიციატივა “ევროპულ საქართველოს” ეკუთვნის. ვიდრე პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს, დავით ბაქრაძის წინასწარი მოლოდინია, რომ მსგავსი კომისია არ შეიქმნება.
“ჩვენც ძალიან კარგად ვიცნობთ თქვენს მოდგმას და რაც არ უნდა ტონალობაში ვისაუბროთ დღეს, ეს კომისია არ შეიქმნება. ამიტომ, ტონალობა, რომელიც გამოყენებული იყო ქალბატონი ელენესა და ჩვენი გამომსვლელების მხრიდან, განპირობებულია ერთადერთი მიზეზით: ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რომელიც ასეთ საკითხებს იყენებს შიდაპოლიტიკური ისტერიკების მოსაწყობად”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე საპარლამენტო მსჯელობისას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ევროპულ საქართველოს” ცოდვიანი ოპოზიცია უწოდა.
“კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის ნათელი”,- მიმართა ქანთარიამ “ევროპული საქართველოს” წევრებს.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.