1-თვიანი ლოდინის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოსურმა მხარემ საქართველოს გადასცა. ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.
ცხედარს გადაასვენებენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. როგორც შსს-ში განმარტავენ ექსპერტიზას რამდენიმეე საათი დასჭირდება და მისი დასრულების შემდეგ ცხედარს წილკანში, დაღუპულის ოჯახში გადაასვენებენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.