15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის სასწაულმოქმედის ხსენების დღეა.
ამ რუს წმინდანს საქართველო უყვარდა. მისი სიტყვებია: “არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას, რაც დაღუპავს რუსეთს.”
ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობს, მოიპოვე ერთი ბეწო მადლი ღვთისაგან და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ.
ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმინდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.
ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილით განერიდნენ იქაურობას. წმინდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.
1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმინდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმინდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევის დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.