პარასკევი, მაისი 8, 2026

ანგელა მერკელი – აშშ-სთან სავაჭრო ომის შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს

აშშ-სთან სავაჭრო ომის შემთხვევაში, ვერც ერთი მხარე ვერ მოიგებს – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, წარსულის მსგავსად, ევროკავშირი დიალოგის გზებს ეძებს, თუმცა ბრიუსელმა შესაძლოა, საპასუხო ზომები მიიღოს და ევროკომისიამ ეს უკვე განაცხადა.

მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა აშშ-ისა და ჩრდილო კორეის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა და შესაძლებლობას „იმედის ნაპერწკალი“ უწოდა.

ანგელა მერკელმა ყურადღება გაამახვილა ახალი მთავრობის ფორმირებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება უფლებამოსილების შესრულებას მომდევნო კვირიდან შეძლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაციას ავრცელებს.როგორც ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, ის დარწმუნებულია, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება.„მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა პლატფორმასა და მედიაში აქტიურად განიხილება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრობლემა და ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი.არაერთი კითხვა დაისვა როგორც ჟურნალისტების და სხვა დაინტერესებული მხარის, ისე კოლეგების მხრიდან, რატომ არ გამოვთქვამ საჯაროდ ჩემს მოსაზრებას, როგორც ექიმი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, რომელსაც ჯანდაცვითი პროგრამების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არ გამოვდივარ ტელევიზიით და არ ვმონაწილეობ საპროტესტო აქციებში, რადგან მჯერა, რომ ასეთი რთული, კომპლექსური და სენსიტიური საკითხები უნდა გადაწყდეს აკადემიური განხილვის, პროფესიული დიალოგის, ყველა მხარის ჩართულობით მოლაპარაკებებში და კონსენსუსის გზით, იმგვარად, რაც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ამ დაავადების მქონე ბავშვების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური პოზიციისა, რომელსაც ამ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ემპათია არ ჰქონდეს და არ სურდეს, რომ საქართველოში და საერთოდ მთელ მსოფლიოში ყველა ბავშვი თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებით.ამიტომ მსურს, „ფეისბუქპოსტით“ შევეხო ამ მეტად რთულ საკითხს და გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები და მოკრძალებული რეკომენდაციები.მოგეხსენებათ, იშვიათი დაავადებების მართვის პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო 30-40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უზარმაზარი განვითარება განიცადა თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა, გენომურმა ტექნოლოგიებმა, გენურმა ინჟინერიამ, ბიომედიცინამ, ბიოტექნოლოგიებმა, სინთეზურმა მოლეკულურმა ბიოლოგიამ და ზოგადად, პერსონალიზებულმა მედიცინამ.ამ ტექნოლოგიების საფუძველზე თანდათან და საკმაოდ სწრაფი ტემპით იქმნება ახალი მედიკამენტები, რომლებმაც იმედი ჩაუსახა მსოფლიოში არსებული 6 000–8 000-მდე იშვიათი დაავადებით მცხოვრებ მილიონობით მქონე პაციენტებსა და მათ ოჯახებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დაავადებების უფრო ეფექტიანი მართვა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალური პერსპექტივაა, თუმცა ამას მეცნიერებაში უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს მედიკამენტები, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ჩნდება ბაზარზე, უკიდურესად ძვირია და ზოგჯერ მათი ღირებულება ასეულ ათასებსა და მილიონობით დოლარსაც აღწევს.ეს გვაყენებს მთავარი დილემის წინაშე: მედიკამენტი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როგორ გავხადოთ ის ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის? ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყნები, ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემები, წინასწარ უნდა ემზადებოდნენ ამ გამოწვევებისთვის.კარგად მახსოვს 1990-იანი წლების ბოლო პერიოდი, როდესაც სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი და მიმდინარეობდა დისკუსია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის დაწყების შესახებ. იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტის ფონზე ძალიან განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა საღმა აზრმა და მთავარმა პრინციპმა, რომ უპირველესი ყოველთვის პაციენტია და დაიწყო დაახლოებით 20-მდე იშვიათი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება.დღეს ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოებულია და, როგორც ვიცი, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიონ ლარს აღწევს, რაც 1990-იან წლების ეროვნული ჯანდაცვის თითქმის მთელი ბიუჯეტის ტოლია.ბოლო წლებში დიუშენის დაავადებისა და აქონდროპლაზიის პრობლემებმა საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იშვიათ დაავადებებზე. მისასალმებელია, რომ აქონდროპლაზიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის ყველა ჩართულ მხარეს. დიდი იმედი მაქვს, და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდება.აქვე მსურს წარმოვადგინო რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც, ჩემი აზრით, შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ისე პაციენტების მშობლებისთვის, რომელთაც უწევთ მუდმივ ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში ცხოვრება, და რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ:შეიქმნას დიუშენის დაავადების მართვის საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნებიან სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის კლინიკური ფარმაცევტები, აკადემია, მშობლები და ორი-სამი უცხოელი ექსპერტი ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციიდან ან წამყვანი საერთაშორისო ცენტრებიდან. შემუშავდეს დაავადების მართვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მართვის ეტაპები, ვადები და პროგნოზირებადი ბიუჯეტი (სახელმწიფო და სხვა შესაძლო წყაროების მონაწილეობით). შეიქმნას დაავადების სრულყოფილი და თანამედროვე რეგისტრი, რომელშიც გამოყენებული იქნება ამ მიმართულებით უკვე წარმატებული ქვეყნის გამოცდილება. განხორციელდეს დეტალური ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი და ხარჯთ-ეფექტურობის შეფასება თითოეული ეტაპის მიხედვით. იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის სრული სპექტრის დაფინანსება, რაც უკვე დაანონსდა და ძალიან მისასალმებელია. ასევე რეალისტურ პერსპექტივად მიმაჩნია ვამოროლონისა და გივინოსტატის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების დაწყება ამ მედიკამენტების მისაღებ ფასად და მისაღები პირობებით შესყიდვის მიზნით. სამინისტროს მსგავსი პირდაპირი მოლაპარაკებების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და ამ პროცესში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტული რესურსის გამოყენება. პროგრამა განხორციელდეს ექსპერტთა საბჭოს მიერ შერჩეულ ერთ პოლიპროფილურ ძლიერ სამედიცინო (პედიატრიული პროფილის) დაწესებულებაში. პარალელურად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გენური თერაპიის საქართველოში ხელმისაწვდომობის მიმართულებით. მსგავსი მექანიზმები ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე მოქმედებს და მნიშვნელოვანია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა. დღეს, ახალი ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მედიკამენტების შექმნა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დიუშენის დაავადების მიმართულებითაც უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, ახალი თაობის პრეპარატები გამოჩნდება. ვფიქრობ, სრულიად რეალურია ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორი განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობით როგორც ამჟამად არსებული, ისე მომავლის პრეპარატების”, - წერს ამირან გამყრელიძე.

კევინ ჰამილტონი – სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია, უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით

სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია. ამ სფეროში უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული შეფერხებები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ნაბიჯი, რასაც ნატო აღიქვამდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯად?“„ნება მიბოძეთ, ცოტა შორიდან მოვუარო თქვენი შეკითხვის პასუხს. ალიანსისთვის რაც არის პირველი პრინციპი – სამხედრო კუთხით თანამშრომლობა, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება, რაც ხდება აქ შიდა პოლიტიკაში, ბოლო რამდენიმე წელია და რაც გვსმენია არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან მიმართებით, არამედ დასავლეთთან, ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს ორი ინსტიტუტი განუყოფელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, სხვადასხვა ინტერესის სფეროთი. ევროკავშირის 23 წევრი ასევე ნატო-ს მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენი იმედი, მოლოდინია, საქართველოს მთავრობა მზად იყოს უფრო ყოვლისმომცველ დიალოგში ჩასართავად ისე, რომ ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.კიდევ ერთ კითხვაზე, – „თქვენს ამ შეშფოთებებსა და მოლოდინებთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა პასუხი, მაგალითად, გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრისგან? – კევინ ჰამილტონმა განაცხადა:„ნამდვილად მოვისმინე ღიაობა ამ წინადადებებზე, გამამხნევებელი იყო, რაც მოვისმინე“.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული დრონის პროტოტიპი შეიქმნა

„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და საინჟინრო განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი საინჟინრო სკოლისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების ეფექტიანი სინთეზით ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნას. ჩვენთვის, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები. მსგავსი პროექტები მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ იმ ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს. წარმატებებს ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს“, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უპილოტო საფრენი აპარატის საველე და ლაბორატორიული ტესტირებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) პროტოტიპი უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტის შედეგად, აპარატმა საველე და ლაბორატორიული ტესტირების სრული ციკლი წარმატებით გაიარა.სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარებაა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები.„პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებაა. პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური საინჟინრო მიმართულებების განვითარებას. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები, რაც მათთვის არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ რეალურ საინჟინრო ამოცანებზე დაფუძნებულ კვლევებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებას“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალდისციპლინური კვლევები აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს და საერთაშორისო ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.სტუ-ის რექტორის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია პროექტის გაფართოება და მასში მულტიდისციპლინური გუნდების ჩართვა, რაც გულისხმობს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტეგრირებას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ფაკულტეტების ჩართულობა და თანამშრომლობა აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას უზრუნველყოფს.„მსოფლიო სწრაფად გადადის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე, სადაც ინოვაცია, მეცნიერება და საინჟინრო აზროვნება სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია; უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულება კი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული, უსაფრთხოების, აგრარული, ლოგისტიკური და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა, არამედ ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და ინდუსტრიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იბადება ინოვაცია, ვითარდება კვლევა და იქმნება პროდუქტი, რომელსაც რეალური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ჩვენი პროექტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს როგორც ინტელექტუალური, ისე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რესურსი ჩაერთოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში და შექმნას კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური პროდუქტები. დრონი, რომელიც გამოვცადეთ, სიმაღლეში 10 კილოგრამამდე ტვირთს წევს. თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ ისეთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 100-დან 150 კილოგრამამდე ტვირთს აწევს და რომლის გამოყენებასაც სამაშველო მიზნებით შევძლებთ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ტექნიკური მახასიათებლებია (HG-0800): ფრენის ხანგრძლივობა - 90 წუთი; მაქსიმალური წონა - 30 კგ (ტვირთამწეობის მაღალი მაჩვენებელი); მაქსიმალური სიჩქარე - 150 კმ/სთ (კრეისერული: 80-90 კმ/სთ); მოქმედების რადიუსი - 40 კმ-მდე; კორპუსი - მსუბუქი და მტკიცე ნახშირბადის ბოჭკო (Carbon Fiber); უსაფრთხოება - ავტოროტაციის სისტემა ენერგიის გათიშვის შემთხვევაში უსაფრთხო დაშვებისთვის.

საბურთალოზე კაცი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კახა კალაძე 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესიას 54 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს.კახა კალაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.„დიდი პატივია დღეს თქვენს ოჯახში სტუმრობა და 100 წლის იუბილეს მოლოცვა. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა და შრომა ფასდაუდებელია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, გისურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავად რეზო აბესაძემ თბილისის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთება და მუდმივი შრომაა.„100 წელიწადი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. ერთ საუკუნეს ბოროტი ადამიანი ვერ მიღწევს, სიკეთე უნდა აკეთო ცხოვრებაში. სიბერე ცუდია, მაგრამ რომ არ დაბერდე, უფრო ცუდია. შრომა არის მთავარი, თუ არ შრომობ, ახალგაზრდაც მკვდარი ხარ. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის დაფასებაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს პატივს სცემთ. ბატონო კახა, მადლობას გიდით სტუმრობისთვის. გისურვებთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ და ჩემსავით 100 წელიწადისთვის გადაგებიჯებინოთ“,- აღნიშნა რეზო აბესაძემ.საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.დედაქალაქის მერთან ერთად, იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები