დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე ქრონიკის ეთერში კიდევე ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აუცილებლად ჩაიტარონ წითელას ვაქინაცია.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ორსულმა ქალბატონებმა.
„წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალებში.
ქალებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება – ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.