ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ალენ ბერსე – ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს

ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ორმაგი სტანდარტების გარეშე, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო პრეტენზიების კომისია ამას გზას უკვალავს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა ჰააგაში, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ბერსემ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობს.

„პრეზიდენტო ზელენსკი, პრემიერ-მინისტრო, პრეზიდენტო სანდუ, მინისტრებო, დელეგატებო, ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ კონფერენციის გახსნა. ასევე დიდი პატივია, ეს ნიდერლანდებთან ერთად გავაკეთო. დიდი მადლობა ძლიერი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის თებერვლის დილას, თითქმის ოთხი წლის წინ, რუსეთმა აირჩია ომი, აგრესიის ომი. უკრაინას არ აურჩევია ეს ომი, მაგრამ მას შემდეგ ყოველდღე უკრაინა ირჩევს საკუთარი თავისა და ევროპული მომავლის უფლების დაცვას. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ უფლების დაცვა იარაღით, სადაც საჭიროა, სამართლიანობით და ღირებულებებით, როდესაც ეს შესაძლებელია. საქმე როდესაც ეხება ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეს იხსნება ხელმოსაწერად, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ბავშვებისთვის, რომლებიც წაიყვანეს და დეპორტირებული იყვნენ. ადამიანებისთვის, რომელთა ჯანმრთელობა დაზიანდა ტრავმით და მათთვის, ვინც აღარასოდეს დაბრუნდება.

ბატონო პრეზიდენტო, გასულ ივნისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში თქვენ თქვით, რომ სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ევროპის საბჭომ არ დაკარგა დრო. 2023 წელს ჩვენ შევქმენით უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი. 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას. წარდგენილია 85 000-ზე მეტი პრეტენზია და მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზა, რომელიც მიდის საჩივრების კომისიისკენ, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს ჩარჩოებში. ეს არის უნიკალური, საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომელიც ცენტრალური უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რეპარაციების საკითხის განხილვისას.

დღეს აქ, ჰააგაში 35 ქვეყანა ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს საჩივრების კომისიას. ეს უპრეცედენტოა კონვენციისთვის მის პირველ დღეს, და, იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის მთელ მსოფლიოში, ყველა თანაბარ საფუძველზე. ისინი ყველანი აგზავნიან მკაფიო გზავნილს, რომ ყველა ზარალი უნდა დაფიქსირდეს, ყველა ზარალი უნდა აღდგეს. ანგარიშვალდებულება არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმე, ევროპის საბჭოს ინსტიტუტმა გასულ წელს, ივლისში რუსეთი პასუხისმგებლად გამოაცხადა 2014 წლიდან უკრაინაში ფართოდ გავრცელებული დარღვევებისთვის. ესაა განაჩენი, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალს მომავალი წლების განმავლობაში.

ასევე ვხედავთ ანგარიშვალდებულებას მიმდინარე სამუშაოებში უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.

ანგარიშვალდებულება არ შეიძლება იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მეორეხარისხოვანი საკითხი. ანგარიშვალდებულება არის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის ცენტრალური ასპექტი, მაგრამ არა ერთადერთი. არჩევნები, ბავშვები, უმცირესობათა ენები, ფუნქციური ომის შემდგომი სასამართლო სისტემა, მძლავრი ანტიკორუფციული ჩარჩო ინვესტიციებისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს სფეროებია, რომლებსაც მოიცავს ევროპის საბჭოს უკრაინის სამოქმედო გეგმა. ეს არის სფეროები, სადაც უკრაინას შეუძლია, მისცეს მყარი გარანტიები თავის პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ჩვენი ამოცანა მკაფიოა – დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველვყოთ კომპენსაცია და პასუხი ვაგებინოთ პასუხისმგებელ პირებს. სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს. ევროპის საბჭოს სახელით და ამ კონვენციაზე მომუშავე ყველა ადამიანის სახელით მადლობა ყველას აქ დასწრებისთვის, რაც ხაზს უსვამს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება

ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიუ გუტერეშმა განაცხადა.გუტერეშმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, შეწყვიტონ ომი, ხოლო ირანს – შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა.გუტერეშმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ლიდერები განადგურების ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.„კონფლიქტის ბევრი ასპექტი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველი არ არის: თუ ომის დაფდაფებზე დარტყმა გაგრძელდება, ესკალაცია მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გუტერეშმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მემორიალი 2005 წელს დევინში გაიხსნა. ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა.მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმიისტრაციის წარმომადგენლები.

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, ხოლო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.„ირანის განცხადებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები