სამშაბათი, მაისი 13, 2025

მეუფე შიო მუჯირი – ადამიანს თუ სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, სიმდაბლე ავლენს ჩვენში ყველაზე მთავარს, სიყვარულს

სიმდაბლე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ვინაიდან დღეს იკითხება სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდა ეკლესიაში დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად – მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე – ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც.

იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყოს, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე, შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე და მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ, აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს.

ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ გმადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდადაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა. შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ, აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში.

აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო. რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში – ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება.

ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის.

ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა მის თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.„საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივასთან, 15 მაისს სტამბოლში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებობს თუ არა „დაწყევლილი დღეები“ და რატომ არ მღვდლები ჯვარს წყვილებს გარკვეულ თარიღებში

ბევრი წყვილი, რომელიც ქორწილისთვის ემზადება, ეგრეთ წოდებული „დაწყევლილი დღეების“ კონცეფციას წააწყდება ხოლმე - თარიღები, რომლებიც ქორწინებისთვის საშიშად ან არახელსაყრელად ითვლება. ეს შეხედულებები ხშირად მისტიციზმითაა მოცული და შიშს იწვევს, რომ ასეთ დღეებში დაქორწინება ოჯახურ ცხოვრებას უბედურს გახდის. თუმცა, რამდენად გამართლებულია ეს შეშფოთება მართლმადიდებლური სარწმუნოების თვალსაზრისით? გავიგოთ, თუ რას კრძალავს სინამდვილეში ეკლესია და რატომ არის მნიშვნელოვანი ტრადიციებსა და ცრურწმენებს შორის განსხვავების დადგენა.რა ნიშნავს „დაწყევლილი დღეები“ - მითი თუ რეალობა? ტერმინს „დაწყევლილი დღეები“ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის ექსკლუზიურად პოპულარული გამოთქმა, რომელიც წარმოიშვა ეკლესიის წესების არსის არასწორად გაგების შედეგად.ეკლესია არასდროს იყენებს ასეთ ტერმინებს და არც ერთ დღეს არ მიიჩნევს მისტიკურად საშიშად. ქორწილებზე შეზღუდვები მხოლოდ ლიტურგიკულ კალენდარსა და სულიერ დისციპლინას უკავშირდება.როდის არ ტარდება ქორწილი: ოფიციალური შეზღუდვები მართლმადიდებლური ეკლესია ადგენს მკაფიო პერიოდებს, როდესაც ქორწილები არ ტარდება. ეს დღეები დაკავშირებულია მარხვასთან და მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებთან:მრავალდღიანი მარხვები - დიდი მარხვა, პეტრე - პავლობის მარხვა, მიძინების მარხვა და შობის მარხვა.ოთხშაბათი და პარასკევი ყოველ კვირას ტრადიციული მარხვის დღეებია.დიდი დღესასწაულის წინა დღეს - მაგალითად, შობა, აღდგომა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები.შეზღუდვების სულიერი მნიშვნელობა ეკლესია დიდმარხვას ლოცვის, სინანულისა და შინაგანი განწმენდის პერიოდად მიიჩნევს. ქორწილი სიყვარულისა და სიხარულის ზეიმია, რომელიც განსაკუთრებულ სულიერ დამოკიდებულებასა და ჰარმონიას მოითხოვს.  ქორწილი წინასწარ უნდა დაგეგმოთ ისე, რომ ის დაემთხვეს ეკლესიის კალენდრის ხელსაყრელ დღეებს და საშუალება მოგცეთ, სრულად გაამახვილოთ ყურადღება ქორწინების კავშირის სიხარულზე.ცრურწმენები და რწმენა: რა უნდა ახსოვდეთ ახალდაქორწინებულებსგავრცელებული რწმენა, რომ „უიღბლო“ დღეს დაქორწინება ოჯახს უბედურებას მოუტანს, გავრცელებული ცრურწმენაა. ეკლესია ხაზს უსვამს, რომ ქორწინებაში ნამდვილი კეთილდღეობა დამოკიდებულია არა ქორწილის თარიღზე, არამედ მეუღლეების გულწრფელ რწმენაზე, სიყვარულსა და ქრისტიანულად ცხოვრების სურვილზე.

ChatGPT-ის მკითხაობის შემდეგ, საბერძნეთში ქალი ქმარს დაშორდა

საბერძნეთში ქალმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ ყავის ნალექზე მკითხაობისას კაცი სავარაუდო ღალატში ამხილა.მედიის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალმა ოჯახის მომავლის გაგება გადაწყვიტა. მან ყავა მოიდუღა, ნალექის ფოტოები კი ChatGPT-ში ატვირთვა და ხელოვნურ ინტელექტს მათი ინტერპრეტირება სთხოვა.ChatGPT-მ ივარაუდა, რომ მომავალში მისი ქმარი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს და ცოლს უღალატებს. ხელოვნურმა ინტელექტმა ნალექში შესაძლო საყვარლის ინიციალებიც კი გამოყო. ამის შემდეგ ქალმა ქმარი სახლიდან გააგდო, 3 დღის შემდეგ კი განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.„მე ამ ყველაფერზე მეცინებოდა, თუმცა ჩემმა ცოლმა ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. წასვლა მთხოვა, ჩვენს შვილებს კი უთხრა რომ ვშორდებით. შემდეგ ადვოკატმა დამირეკა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს უბრალო ლაპარაკი არ იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოტენციურმა მოღალატემ.წყვილი ერთად 12 წლის განმავლობაში იყო.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ChatGPT ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. მანამდე ამერიკაში ქალმა 20-წლიანი ქორწინების შემდეგ მიატოვა ქმარი ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის გამო. ქალი ამტკიცებდა, რომ სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან იგრძნო პირველად რას ნიშნავს, როცა ვიღაცას უყვარხარ.

სეტყვა და ძლიერი ქარი კახეთში – დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ვენახები

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო სანიაღვრე არხებმა, რის გამოც სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში  დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები.ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.

გაეცანით, როდის გაიმართება ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი

დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის” ორი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი და მასპინძელი – შვეიცარია.შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია 15 მაისს, ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლაივ შოუს ყურებას 1TVPLAY-ზეც შეძლებთ.კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.2025 წლის კონკურსს სამი წამყვანი ეყოლება. ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეურთდება.2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

ბოლო სიახლეები