„მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციამ უარი თქვას ულტიმატუმებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისია თუ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, იქნება ახალი არჩევნები, თუ არა – არ ჩატარდება. სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ერთადერთი არგუმენტი, რასაც აფრიალებდნენ, სამართლიანი არჩევნების განცხადება იყო, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
„თუ ამას მიიღებენ რეალობად, კი ბატონო. თუ არა და, სამართალი ადრე თუ გვიან აღსრულდება, დარჩებიან ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება.
„ორი დღეა, ოპოზიციამ ისევ დაიწყო ლაპარაკი, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ამავე დროს მოდიან და ძალადობენ პოლიციელების წინააღმდეგ, პარლამენტთან. ასე დიალოგი ვერ შედგება. კი ბატონო, მობრძანდნენ პარლამენტში მათი მანდატები შენარჩუნებულია, ერთის გარდა.
შეუძლიათ, განაგრძონ საპარლამენტო მუშაობა. პოლარიზაცია ის იქნებოდა, ისინი რომ ქუჩაში დაგვეტოვებინა, თუმცა არ დავტოვეთ. ამით გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, სოზარ სუბარის თქმით, სამართლის აღსრულებაზე მმართველი გუნდი უარს ვერასდროს იტყვის.
„რიში და შაჰილი 2012 წელსაც მოგვიწოდებდნენ, რომ არ უნდა დაწყებულიყო საქმის გამოძიება სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის წინააღმდეგ. კობა დავითაშვილის ცემის შემკვეთი რომ უნდა დაისაჯოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე უარს ვერ ვიტყოდით. ასევე ვერ ვიტყვით უარს ვერასდროს სამართლის აღსრულებაზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.