საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო დაამარცხა.
შეხვედრა ანგარიშით 84-79 დასრულდა. „ჯვაროსნების“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
მესამე ადგილი ტურნირზე ირანის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც იორდანია დაამარცხა.
17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრება და მსოფლიო პირველობისთვის დაიწყებს მზადებას. მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესა და ვენესუელასთან მოხვდა. ჯგუფის ყველა შეხვედრა იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე გაიმართება.