წაქაძე-ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელფასების მომატება

წაქაძე-ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელფასების მომატება

ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე [საბაჟოს თანამშრომლებისთვის] ხელფასების მომატება, – ამ სიტყვებით მიმართა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს სპეციალური წოდებები მიენიჭებათ. ამის შემდეგ მებაჟეები შრომის შემდეგი სახის ანაზღაურებას მიიღებენ: თანამდებობრივი სარგო; სახელფასო დანამატი; ფულადი ჯილდო; სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო; წელთა ნამსახურობის დანამატი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები.

ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია მიიღოს.

„ძალიან კარგია ხელფასების მომატება და მე მივესალმები შემოსავლების სამსახურში ხელფასები ზრდას. მნიშვნელოვანია არ მოხდეს კადრების გადინება და სამინისტროში იმსახურონ კვალიფიციურმა კადრებმა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის შენარჩუნება ქვეყანაში, ვსაუბრობ ტყიბულზე. მე მგონია ტყიბულის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ხელფასების მომატება“, – მიმართა წაქაძემ გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებების მიზანი არა მხოლოდ ხელფასების ზრდა, არამედ თანამშრომლების შენარჩუნებაა.

„ქვეყნების უმრავლესობაში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური წოდება აქვთ და ამ ცვლილების მიზანი მხოლოდ ხელფასების ზრდა არ არის. ცვლილების მიზანია, რომ საბაჟო სამსახურმა ეფექტიანად იფუნქციონიროს და შესაბამისი კადრები ქვეყნის სამსახურში იყვნენ“, – თქვა გიორგი კაკაურიძემ.

Comments

კომენტარები