ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026

ქართული ჩაის ველური ჯიშები – მსოფლიოს ინტერესის საგანი

„ჩაის წარმოების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებდა“

საქართველოში ჩაი პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ, სამოვარი და ჩაის სერვიზი ერეკლე II-ს უსახსოვრა. 1809 წელს კი გურიის სამთავროს უკანასკნელი მმართველის, მამია V გურიელის ბაღში სხვა ეგზოტიკურ მცენარეებთან ერთად არასამრეწველო დანიშნულებით ჩაის პირველი ბუჩქი დაირგო. 1847 წელს ყირიმის „ნიკიტსკის“ ბოტანიკური ბაღიდან, გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით, ოზურგეთის სააკლიმატიზაციო ნაკვეთში ჩაის პირველი, ჩინური ბუჩქები გადმორგეს. ბუჩქებმა გაიხარა. ამ ფაქტმა საქართველოში ჩაის წარმოების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

1893 წელს ალექსანდრე პოპოვმა ჩინეთიდან 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, ლიუ ძძუინ ჭოუ მოიწვია, რომელმაც საქართველოში სამ ათეულ წელზე მეტი იცხოვრა. მისი ხელმძღვანელობით ჩაქვში ჩაის პირველი პლანტაციები გაშენდა. ამუშავდა ჩაის პირველი ფაბრიკაც, რომელიც ინგლისური წარმოების მანქანა-დანადგარებით იყო აღჭურვილი. ამან ხელი შეუწყო ჩაის კულტურის რეგიონში განვითარებას, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, კრასნოდარის მხარეს, ირანს, თურქეთსა და უკრაინას მოიცავდა.

1900 წელს, პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე, ქართულმა ჩაიმ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა წარწერით – „მსოფლიოში საუკეთესო პოპოვის ჩაი საქართველოდან“.

XX საუკუნის შუა პერიოდში საქართველო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩაის წამყვანი მწარმოებელი გახდა. 1980-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ჩაის ინდუსტრიის განვითარებამ პიკს მიაღწია. მეჩაიეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა საქართველოს ეკონომიკაში. მოკრეფილი ჩაის რაოდენობით ის ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკას შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილას იყო. დღეს საქართველოში, მეჩაიეობა, როგორც დარგი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. თუმცა, ქართულ ჩაის მსოფლიო ბაზრის ყურადღების მიპყრობის რეალური პოტენციალი გააჩნია…

შოთა ბითაძე წყლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი პროდუქტით, ჩაით, ჩინეთში საქმიანობისას დაინტერესდა. ნელ-ნელა შვილთან, გიორგისთან ერთად მისი წარმოება დაიწყო, შეიმუშავა ჩაის დაყენების ქართული მეთოდი (რომელმაც სამხრეთ კორეაში გამართულ ჩაის ოსტატთა მსოფლიო ჩემპიონატში ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა), გამოიყვანა ჩაის ახალი ჯიში და ახლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით ჩაის ველური ჯიშების აღმოჩენა-წარმოებითაა დაკავებული. მამა-შვილს მათ მიერ გახსნილ ჩაის მუზეუმში ვესტუმრეთ, სადაც უამრავი სახეობის ჩაის შესაძენად და ექსპოზიციის დასათვალიერებლად ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან…

შოთა ბითაძე:

-ახლახან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კულტურათა მუზეუმის სოფლის მეურნეობის განყოფილების წარმომადგენელს ვუმასპინძლეთ. ჩაის შესახებ სამეცნიერო კვლევების ავტორს აინტერესებდა როგორ მოხვდა ჩაი ამ რეგიონში. ვაჩვენე ჩაის გზა საქართველოში. ვორონცოვის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა ჩაის მცენარისა და ჩაის კულტურის გავრცელების საქმეში ალექსანდრე პოპოვი გახლდათ. თანამედროვე ფულით მას ამ საქმეში მილიარდამდე აქვს დახარჯული. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთის იმპერიას ბევრი ჩაი სჭირდებოდა. ეს კი საკმაოდ დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული, რადგან ჩინეთი ჩაის ოქროზე, ვერცხლზე, ძვირფასეულობაზე ყიდდა. სურდათ, ასევე, არმიასა და ფლოტში ღვინის პორცია ჩაით ჩაენაცვლებინათ. ქართული ჩაი საბჭოთა კავშირის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში იყიდებოდა. ეს ორი რეგიონი დღესაც ჩაის ყველაზე დიდი მომხმარებელია. დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ბაზარი დაიკარგა, ჩაის შემოტანა საქართველოს ნაცვლად შრი-ლანკიდან დაიწყეს. შედეგად, საქართველოში მეჩაიეობა, როგორც დარგი, აღარ არსებობს. ამ საქმის კვლავ წინ წამოსაწევად დიდი თანხის გამოყოფაა საჭირო. გარდა ამისა, არსებობს შრი-ლანკა, კენია. საშუალო და საშუალოზე დაბალი ხარისხის მასიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ჩაის წარმოებაში საქართველო მათ კონკურენციას ვეღარ გაუწევს.

-თუმცა, კონკურენციას გაუწევს ხარისხზე და არა რაოდენობაზე ორიენტირებული ორიგინალური, მაღალი ხარისხის პროდუქციით…

– სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართულ ჩაის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საგემოვნო თვისებები აქვს. ამის გამო მისით ევროპაც ინტერესდება და ჩინეთიც.

– ჩაის დაყენების ქართული მეთოდი შეიმუშავეთ…

– არსებობდა ჩაის დაყენების რუსული, ინგლისური, ჩინური, ინდური და სხვა მეთოდები, ქართული კი არ იყო. დეკანტერი, საერთოდ, წითელი ღვინისთვისაა. ჩვენ მასში ქართული წესით თეთრი ჩაი დავაყენეთ. „ჩაის დაყენების ქართული მეთოდი დეკანტერში მართვადი ექსტრაქციით“ – ასე ჰქვია მეთოდს, რომელმაც შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: საუკეთესო გემო, საუკეთესო არომატი, საუკეთესო ნარჩენი გემო და დაყენების მეთოდი. თეთრი ჩაი ისე დავაყენეთ, რომ მისგან სხვადასხვა სახეობის ჩაებისთვის დამახასიათებელი გემო და თვისებები მივიღეთ.

– როდის და როგორ დაინტერესდით ჩაის წარმოშობისა და წარმოების საკითხებით?

– ჩინეთში ჩემი მეგობარი, სინოლოგი ზურა მამნიაშვილი ცხოვრობს. სხვათა შორის, მან პირველმა თარგმნა უშუალოდ ჩინურიდან ქართულად. ამჟამად ქართულ-ჩინურ ლექსიკონზე მუშაობს. მისი მიწვევით იქ 90-იან წლებში წავედი. ჩინური მედიცინითა და სპორტით ვიყავი გატაცებული. იქ ჩასულმა შევიტყვე, რომ არსებობს დამოუკიდებელი დარგი – ჩაის თერაპია. ჩაით პირველად ამის გამო დავინტერესდი. მოვიარეთ ჩინეთისა და სხვა ჩაის მწარმოებელი ქვეყნების ჩვენთვის საინტერესო რეგიონები. 2006 წლიდან ქართული ჩაის წარმოება დავიწყეთ და პირველი პარტია 2010 წელს უკრაინაში გავიტანეთ. ქართული ჩაის შესყიდვით უკვე ჩინელებიც დაინტერესდნენ. ჩინეთში ჩაის ექვსი ძირითადი სახეობაა, მათი ქვესახეობები კი 10 000-ს აღწევს. საქმის დაწყებისას ვეძებდი პირებს, ვინც ჩაის კონკრეტული სტანდარტით მოიყვანდა. ვასწავლიდით ჩაის პლანტაციების ახლებური მეთოდებით მოვლას. მოგვიანებით, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“ ჩამოვაყალიბეთ. აქ გაწევრებული არიან ისინი, ვისაც საკუთარი პლანტაციები აქვს, მათ ორგანულად უვლის და ჩაის ასოციაციის სტანდარტის მიხედვით ამზადებს. ახლა უკვე პლანტაციები თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს. ძირითადად, გურიას, იმერეთსა და სამეგრელოს მოვიცავთ. როგორც ღვინო განსხვავდება რეგიონების მიხედვით, ასეთი სხვაობაა ჩაის შემთხვევაშიც. ოზურგეთში შავ გრეხილ ჩაის ამზადებენ, ჩოხატაურში კლასიკურს, იმერეთში კი – ველურ შავ და თეთრ ჩაის. მოცვისა და მთის შავ ჩაის ვიღებთ ჭიათურის რაიონის სოფელ ნიგოზეთში.

– ცნობილია, რომ ბუნებრივი სელექციით ჩაის ჯიშის გამოყვანა რთული პროცესია. თქვენ კი მოახერხეთ და ახალი ქართული ჯიში – „ქართული მეწამული“ გამოიყვანეთ…

– ეს ჯიში დავით თენიეშვილთან ერთად გამოვიყვანე. მთელ საქართველოში ვეძებდი ჩაის მცენარეს, რომელსაც ყველაზე წითელი შეფერილობა ექნებოდა. ჩინურ, კენიურ და იაპონურ მეწამულთან შედარებით, ქართული მეწამულის საგემოვნო თვისებები გაცილებით უკეთესია. ჩინეთში იუნანის პროვინციაში ჯიშების გამოყვანის ინსტიტუტი არსებობს, სადაც მეთოდის შესასწავლად სპეციალურად ჩავედი. საქართველოში მაღალი ხარისხის ჩაის საწარმოებლად მონოპლანტაციების გაშენებაა საჭირო.

– თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით ველური ჩაის მოძიება და წარმოებაა…

– ამ ყველაზე მაღალი კატეგორიის ჩაის ფოთოლში მიკრო და მაკროელემენტები გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა სახეობებში. გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო არომატული და გემრიელია, ბიოქიმიურ ანალიზებში ჩანს, რომ მისი შემადგენლობა გაცილებით მრავალფეროვანია და ორგანიზმისთვის სასარგებლო განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება. უკვე ჩამოყალიბებულ ეკოსისტემაში, სადაც ჩაი იკრიფება, ადამიანი საერთოდ არ ერევა. არანაირი სასუქი, თუნდაც, ორგანული. მცენარე  ბუნებრივ მდგომარეობაშია, არ არის სტრესის ქვეშ, ფესვთა სისტემა და ზედა ნაწილი ბალანსშია. მე და გიორგი ყველგან ვეძებთ ველური ჩაის მცენარეებს. მაგალითად, ინდოეთში ცნობილ დარჯელინგის შტატში მცირე რაოდენობით არის ველური ჩაის ნარგავები. ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ, რომელიც ვიეტნამში მსაჯად ჩემპიონატზე მიიწვიეს, ჩემი თხოვნით ველური ჩაის მცენარეები იქაც მოძებნა. კარგი ხარისხის ველური ჩაია, ასევე, კრასნოდარში. პირველად ველური ჩაი საქართველოს ტერიტორიაზე ქვემო იმერეთში, სოფელ ეწერში ვნახეთ. არის, ასევე, ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულსა და ნიგოზეთში, სამეგრელოში, ვანის რაიონსა და გურიაში. ველურ ჩაის არავინ აქცევდა ყურადღებას, რადგან მისი მოსავლიანობა ნაკლებია, ვეგეტაცია განსხვავებული აქვს, იკრიფება მხოლოდ კვირტი და კვირტის ფოთოლი. ასეთი გამოცდილება ჩვენ გარდა ჯერ არავის აქვს.

გიორგი ბითაძე:

– გიორგი, ჩაის ტურიზმის მიმართულებითაც ხომ არ მუშაობთ?

– დიახ, ტურისტები ამ მიზნით გურიაში ჩაგვყავს. მალე პროცესში გეზრულსაც ჩავრთავთ. უცხოელებს მუზეუმებში დაცულ ჩაისთან დაკავშირებულ ისტორიულ არტეფაქტებს ვაცნობთ. კარგი ექსპოზიცია ინახება ბათუმში, ძმები ნობელების მუზეუმში. ასევე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ვაჩვენებთ ლიუ ძძუინ ჭოუს სახლს ჩაქვში. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ცენტრის დამფუძნებელი მისი შვილთაშვილი, მალი ყანდარელია. მალი ცნობილი მხატვრის, გივი ყანდარელის მეუღლეა. ლიუ ძძუინ ჭოუს ერთ-ერთმა ვაჟმა ცოლად ქართველი, ნონა თუშმარიშვილი შეირთო. ჩინეთში წასულებს შვილი, მალი შეეძინათ. განათლების მისაღებად რუსეთში წასულმა მალიმ კულტურული რევოლუციის გამო ჩინეთში დაბრუნება ვეღარ შეძლო და თბილისში ჩამოვიდა. სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, სადაც ცნობილი მხატვარი, გივი ყანდარელი გაიცნო და მასზე ოქორწინა… ისევ ჩვენს ტურს რომ დავუბრუნდეთ, ტურისტებს, ასევე, ვათვალიერებინებთ პლანტაციებს, ვაცნობთ ჩაის კრეფისა და მოვლის პროცესს. სურვილი უჩნდებათ ეს საკუთარი ხელითაც გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩიას ტურიზმის განვითარებას, ღვინის ტურიზმისაგან განსხვავებით, სამთავრობო დონეზე ყურადღება არ ექცევა. ერთადერთი, ვისაც მართლა აქვს ჩაის განვითარების ინტერესი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ დანელიაა.

– როგორ უნდა დავაყენოთ ჩაი ისე, რომ არც გემოვნური მახასიათებლები დაეკარგოს და არც სასარგებლო თვისებები?

– ჩაის დაყენების კლასიკური მოდელი შემდეგი გახლავთ: 5 გ. ჩაის მშრალი ფოთოლი 150 მლ. ანადუღარ წყალზე. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა – 95 გრადუსი. დაყოვნების დრო – 5 წუთი. პირველ რიგში კოფეინის ჯგუფის ელემენტები იხსნება. ამიტომ, პირველ ნაყენს მომწარო გემო აქვს და აღმგზნებია. მეორე და მომდევნო ნაყენებში ტანინების გავლენით სიმწარე იკლებს, სიმწკლარტე და სიტკბო იმატებს და ნაყენი სედატიური მოქმედებისაა. ჩაი შეგვიძლია მიყოლებით შვიდჯერაც კი დავაყენოთ. შვიდივე ნაყენში სხვადასხვა სახის ელემენტები იხსნება. სხვა ქვეყნებში ჩაის მიირთმევენ ასაკის, სეზონის, სქესის, კვების რაციონის, ხასიათისა და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჯობს, ერთი და იმავე ჩაის ნაცვლად სხვადასხვა მივირთვათ. ზამთარში წითელი, შავი და ჟასმინიანი მწვანე ჩაის მირთმევაა რეკომენდებული. სიცხეში კი – მწვანე და თეთრი ჩაის დაგემოვნება.

– თქვენი შეფასებით, შესაძლებელია, ქართველისთვის ჩაის წარმოება კვლავ წამყვან საქმიანობად იქცეს?

– რატომღაც მიიჩნევა, რომ ჩაი არ არის ქართული კულტურის ნაწილი. არადა, ახლახან ჩვენ ჩაის 170 წლის იუბილე ვიზეიმეთ. საქართველო ჩაის წარმოების სამრეწველო პოტენციალით ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაა, რაც ჩაის მაღალი ხარისხის გარანტიაა. ქართულ ჩაის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს -კარგი მიწა, წყალი, ჩაი… ქართულ ჩაის ნამდვილად აქვს შანსი მსოფლიოში ცნობილ სხვა ქვეყნებში დამზადებულ ჩაებს შორის გამორჩეული ადგილი დაიმკვიდროს…

 

შორენა ლაბაძე

ჯურნალი ,,გზა”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“ – ხმაური იყო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გაღიზიანება სასამართლოს შენობაში ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის შესვლამ გამოიწვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯარო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს, შენ გაგებინებ პასუხს! უპასუხე, გიგა სასიკვდილოა?",- მიმართა ეკა კუპატაძემ ადვოკატს.სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.„ეს არასრულწლოვნები დუმილის უფლებას იყენებენ, ასე რომ, ისინი არ დაიკითხებიან. საქმეში მყარი და პირდაპირი მტკიცებულებებია, დარწმუნებული ვარ, ამ მტკიცებულებებს გაიზიარებს სასამართლო და მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯის. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დანაშაულს სჩადის არასრულწლოვანი, მაშინ ხომ არის დანაშაულისთვის მომწიფებული? ასევე მიმღებლობა უნდა ჰქონდეს სასჯელის ზომის მიმართ. ის, რომ არასრულწლოვანია და გოგონაა, არ ამართლებს იმ სასტიკ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს. არავისგან წუხილი არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, ინტენსიურ რეჟიმში ნია იმნაძის ოჯახი, მისი ადვოკატი, მათი წრე აქტიურად თავს გვესხმის. უზრდელი სიტყვებით, საცინლად იგდებენ ამხელა მკვლელობას, არავის არაფერს ვაპატიებ!თქვენ შეგნებულად არ დაგისვამთ კითხვა და მადლობა, ამისთვის, დიახ, პროფესიონალს დღეს ჩემთვის არ უნდა დაესვა. ყბადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. პირველ წინადადებაში -"არავინ იმსახურებს სიკვდილს, თუმცა, გიგა ავალიანი იმსახურებს სიკვდილს"! ამისთვის ის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, ვპირდები გიგა ავალიანს! მეორე წინადადება - სხვისი დანაშაულისთვის სხვა არ უნდა დაისაჯოს. გიორგი ლეკიშვილი პასუხს აგებს თავისი დანაშაულისთვის და არა სხვისი დანაშაულისთვის",- განაცხადა კუპატაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – საბურთალოზე, მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.კომპანიის ცნობით, საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან, 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები.„წყალმომარაგების დაზიანებული მილის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რის შემდეგაც გამრეკელის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.ჯივიპი სრულად იღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებელი ფართიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, კომპანია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. ამასთანავე, კომპანიის სპეციალურმა ჯგუფებმა ადგილზე უკვე მოახდინეს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაზიანების პირველადი შეფასება. მიყენებული ზიანი თითოეულ მოქალაქეს აუნაზღაურდება.ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით ჯივიპიმ ინციდენტის დადგომისთანავე უზრუნველყო აბონენტების წყალმომრაგების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა, შესაბამისად, წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში. 

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი!

მეგობრებო! ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი!ყველაზე მთავარი! აქ ხმის მიცემა ჩვენ, ყველას შეგვიძლიაშეგვიძლია დავატრიალოთ სასწაული? გიტოვებთ ხმის მიცემის ბმულს https://vote.globesoccer.com/vote/best-men-player-2026/

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა შემოქმედი, რომლისთვისაც პოეზია იყო შინაგანი სამყაროს, ადამიანური განცდების, სულიერი ფასეულობებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამოხატვის განსაკუთრებული საშუალება. მისი შემოქმედება, პოეტური სიტყვა და პიროვნული დამოკიდებულება კულტურისა და ლიტერატურისადმი იმ შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც მკითხველთა მეხსიერებაში დარჩება.განსაკუთრებით ემოციური და სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ პოეტის ბოლო პოეზიის საღამო მის ალმა-მატერში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გაიმართა. ეს იყო ერთგვარი სულიერი დაბრუნება იმ აკადემიურ და შემოქმედებით გარემოში, რომელიც მისი ცხოვრების, შემოქმედებითი გზისა და პიროვნული მოგონებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მშობლიური უნივერსიტეტის სცენაზე წარმოთქმული მისი პოეტური სიტყვა, შეხვედრა მსმენელთან, შემოქმედების გაზიარება და ის ემოციურად სისხლსავსე ატმოსფერო, რომელიც თან ახლდა ამ საღამოს, საუნივერსიტეტო საზოგადოების მეხსიერებაში განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება.დღეს, პოეტის გარდაცვალების შემდეგ, ეს უკანასკნელი შეხვედრა, უკანასკნელი პოეზიის საღამო კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თითქოს მისმა პოეზიამ თვითონ აირჩია სიმბოლური დასასრული - დაბრუნება მშობლიურ უნივერსიტეტში, იმ სივრცეში, სადაც ცოდნა, მეცნიერება, საინჟინრო აზროვნება, სახელოვნებო ტრადიციები თაობებს აერთიანებს.ამ მძიმე წუთებში თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვუსურვებთ გამძლეობას ამ უდიდესი დანაკარგის გადასატანად.ალექსანდრე (საშა) გველესიანის ხსოვნა დაივანებს მის პოეზიაში, მის მიერ დატოვებულ სიტყვაში და იმ ადამიანების გულებში, რომელთათვისაც მისი შემოქმედება ძვირფასი იყო; მისი უკანასკნელი პოეზიის საღამო კი, სამუდამოდ დარჩება იმ თბილ და ემოციურ მოგონებად, რომელიც პოეტსა და მის ალმა-მატერს შორის არსებულ სულიერ კავშირს განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.ცნობისთვის, ალექსანდრე გველესიანის ავტორობით გამოიცა ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე - დიდი დათვი“.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ ამანათში თმის მოვლის საშუალებისთვის განკუთვნილ ხუთ პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ბოლო სიახლეები