პარასკევი, ნოემბერი 6, 2026

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II საშობაო ეპისტოლე

 

,,ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მოგმართავთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო!

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.

მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული – წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა განმავლობაში მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილს და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ – სამართალი, მშიერთ – პური, შიშველთ – სამოსელი, უპავართ – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ – ღირსი სასყიდელი…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

არ განგვეშორო, დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)

დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი),
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.

მებაჟე ოფიცრებმა სგპ ,,სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი - ,,MASPORT (R)“ აღმოაჩინეს.საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა.

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, მომდევნო წლებში – 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებში.ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი, საშუალოდ, 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს.ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის – 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს.ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის თავის მიზნობრივ მაჩვენებელს – 3.0 პროცენტს დაუბრუნდება.მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 2.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 3.7 პროცენტის ფარგლებშია.ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება;მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.1 პროცენტის დონეზეა.ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.9 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 38.0 მილიარდ ლარამდე იზრდება.ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2 მილიარდ 370 მილიონი ლარით აღემატება.ჯამური შემოსულობების 87 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 33 მილიარდ 565 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 837 მილიონი ლარით მეტია.საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 25 მილიონი ლარით აჭარბებს, ხოლო პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 355 მილიონი ლარით;მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება, ჯამში, 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით.2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 38 მილიარდ 243 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 263 მილიონი ლარით აღემატება.2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 26 მილიარდ 216 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდი ლარით აღემატება.მიმდინარე ხარჯები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვისთვის ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით, მათ შორის:მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით;70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, იზრდება 45 ლარით  და 415 ლარს შეადგენს;მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატები;70 წლამდე პენსიონერების პენსიის კანონით გათვალისწინებულ ინდექსაციასთან შედარებით უფრო მაღალი ზრდის გათვალისწინებით პროგრამის ბიუჯეტი დამატებით გაზრდილია 130 მილიონი ლარით;ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით გამოყოფილია 21 მილიონი ლარი);ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე (წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით გამოყოფილია 118 მილიონ ლარამდე), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა;სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით;დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით;განათლების ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო. შრომის ანაზღაურების ფონდი იზრდება 468 მილიონი ლარით;სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 70 მილიონი ლარით;მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1 მილიარდ 200 მილიონი ლარით აღემატება.აღნიშნული თანხის ფარგლებში:მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი;საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 382 მილიონ ლარამდე, მათ შორის 773 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის;განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 830 მილიონი ლარი;წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 350 მილიონი ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დამატებით გამოეყოფა 280 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წლის განმავლობაში;ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 230 მილიონი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა. რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლების მიზნით მიმდინარე წელსვე გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წელს;სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 100 მილიონი ლარი. ამასთან, მთის კურორტების განვითარების მიზნით, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 80 მილიონ ლარზე მეტი;იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 408 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით გაზრდილია 140 მილიონი ლარით. დამატებითი თანხების გამოყოფა დაკავშირებულია ახალ სამთავრობო ინიციატივასთან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება. აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე წელს მიიმართება 100 მილიონ ლარზე მეტი;ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე 2027 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 85 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წელს დამატებით გამოეყოფა 70 მილიონი ლარი;მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად მომდევნო წელს, ჯამში, მიიმართება 110 მილიონ ლარზე მეტი;პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 882 მილიონ ლარს;საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები, ჯამში, შეადგენს 303 მილიონ ლარს.„2027 წლის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, კვლავ გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ძმები ქორწილში მიდიოდნენ…“ – კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებების გამო ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები

ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრთან, ტინგ სიუესიანგსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებთანაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობა. გვაქვს ძალიან აქტიური დინამიკა ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, გვაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. სავაჭრო მისიაში.„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესკავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ბოლო სიახლეები