პარასკევი, ნოემბერი 27, 2026

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს:

გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩი ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვიდგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს შეკითხვებს დაედო საფუძვლად.

თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა.

როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელსუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ.

საბოლოოდ, ჩვენ, კაბინეტებში გამართული საუბრების შესახებ ინფორმაციის გამოტანისა და „ქართული ოცნებისთვის“ უხერხულობის შექმნის გარეშე, შევძელით საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ ვინ რას და როგორ უმზადებდა და უმზადებს ჩვენს ქვეყანას.

რადგან ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ ნაციონალური მოძრაობისა და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა. გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.

ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. „ფორმულაში“ სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს.

ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ ჟურნალისტის ვერცერთი კრიტიკული კითხვა თუ ჩაკითხვა, რაც საზოგადოებას საინტერესო საკითხების შესახებ სიმართლეს გააგებინებდა. ნუთუ, ეს არის ამერიკული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების სტანდარტი? ამ ფონზე, ჩვენთვის, საბოლოოდ სარწმუნო გახდა ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობა სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იბლოკებოდა და კვლავაც იბლოკება.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა.

„ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კელი დეგნანმა ჩვენს შეკითხვებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ სიყალბე უწოდა. რასაკვირველია, „ფორმულას“ ჟურნალისტს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ელჩისთვის კრიტიკული შეკითხვა შეებრუნებინა და ეკითხა, ჩვენს მიერ დასმული რომელი შეკითხვა ან ჩვენს მიერ ნახსენები რომელი ფაქტი იყო ყალბი: გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას,

გოგოტიშვილის, პოდოლიაკის, დანილოვის განცხადებები, მოსამართლის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ვიზიტიდან მისი მოხსნა, „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამართვა? ამ ფაქტებიდან ელჩმა მხოლოდ ერთის – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა სცადა და იქაც გაირკვა, რომ ჩვენი ვარაუდი მათ შორის შეხვედრის გამართვის შესახებ სრულიად საფუძვლიანი იყო.

უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა – გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი.

იქვე ამერიკის ელჩმა თქვა, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ და იქვე აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოსო. მანამდე ელჩს ნათქვამი აქვს, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო. ამგვარი განცხადებები ჩვენს ეჭვებს მეორე ფრონტის ინტერესთან დაკავშირებით დამატებით აღრმავებს, რაზეც საკუთარ დასკვნას საზოგადოებაც გამოიტანს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხდება იმის მოწმე, რომ ამერიკის ელჩი ზოგადი ფრაზებით ერთს ამბობს და სინამდვილეში, სრულიად სხვა რამეს აკეთებს. როდესაც ზოგადი ფრაზები ქმედებებს არ შეესატყვისება, საზოგადოებას ლოგიკური დასკვნის გამოტანა მარტივად შეუძლია.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, რუსეთი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისთვის და ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობდა უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და მომზადება სამხედრო კონფლიქტისათვის.
ზუსტად იგივე დროს, სამი წლის წინ, დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა.

დიდ მოთამაშეს საქართველო რომ მეორე ფრონტად უნდა, ამაში ის, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვერც გაამტყუნო. დიდი მოთამაშე პროცესებს გლობალური გადმოსახედიდან უყურებს და პატარა ქვეყნის ინტერესები მის მხედველობაში ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ვერც კი ხვდება. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი პატრიოტულად მომართული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამის საფრთხეებს ქვეყანას როგორც მტრებისგან, ისე მეგობრებისგან უნდა არიდებდეს. რაც მთავარია, როდესაც ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხის ნების წინააღმდეგ არ იქნეს მიღებული. ხალხის გვერდის ავლით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასავლური სამყაროს ქვაკუთხედი იყო. როდესაც ხალხის ძალის გეშინია და ამიტომ მას სიმართლეს უმალავ, აშკარაა, რომ ამ ხალხისთვის შენ სიკეთე არ გინდა.

გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის.

„ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო ნაციონალები კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.

ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.

არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა. საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

მთლიანობაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაზე იყო საელჩოს სერიოზული ზეწოლა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ დანის პირზე წარმატებით გაიარა: – პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შემდეგ პირველი მძიმე გამოცდა „ქართულმა ოცნებამ“ 17-18 თებერვალს ჩააბარა. ყველას კარგად გვახსოვს, თავდაპირველად როგორ მოითხოვა გიორგი გახარიამ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხოლო შემდეგ როგორ ამტკიცებდა, რომ პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებელი იყო. საელჩოში წინასწარ დაწერილი ეს გეგმა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ხალხში ხელისუფლების აღქმა უნდა დაკარგულიყო, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები უნდა გამოეწვია. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრინციპულობა აჩვენეს, საელჩოს და გახარიას გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს და მეტიც, „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით, გუნდის გასუფთავებაც კი მოახერხეს. როგორ შეინარჩუნა გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, როგორ გახდა რამდენიმე თვეში პრემიერ-მინისტრი და რა კავშირი ქონდა ამ ყველაფერს იმ უსერიოზულეს პრობლემებთან (ბასიანის სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით დაშლა, სარალიძის საქმე, ჩორჩანა და ა.შ.), რომლებიც გახარიამ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნა, ამაზე ახლა აღარ შევჩერდებით;
– 19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორმა ელჩმა ხელისუფლებას ნიკანორ მელია და გიორგი რურუა იძულებით გაათავისუფლებინა, რამაც ხელისუფლების რეპუტაციას მძიმე ზიანი მიაყენა. როდესაც ხელისუფლება კანონის უზენაესობას ვერ იცავს, საზოგადოების თვალში მისი ნდობა მყისიერად კნინდება. სწორედ ამაზე იყო გათვლილი თითოეული კრიმინალის განთავისუფლება, თორემ უგულავას, ოქრუაშვილს, მელიასა და რურუას საელჩოსთვის არავითარი პიროვნული ფასი რომ არა აქვთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. საბოლოოდ, ხელისუფლებამ აუცილებელი ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან ბოლოს მაინც გამარჯვებული გამოვიდა; – საელჩო „ქართულ ოცნებას“ თვეების მანძილზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვდა, რაც, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. თუმცა, ხელისუფლებამ ზეწოლას გაუძლო და რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, საბოლოოდ კი, თავსმოხვეული 43-პროცენტიანი ბარიერი მუნიციპალურ არჩევნებში საკმაოდ დიდი ფორით გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა. „ქართული ოცნება“ აქაც მტკივნეულ ტაქტიკურ დათმობაზე წავიდა, გარისკა, 43 პროცენტს დათანხმდა და ეს სრულიად გაუგებარი ბარიერიც დაძლია;
– „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დროულად გამოაცხადა, რამაც რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შესაძლებლობა არ მისცა. 43-პროცენტიანი ბარიერის ფორმალიზების პირობებში, მუნიციპალური არჩევნები ბევრად უფრო პოლარიზებულ გარემოში ჩაივლიდა, რაც სწორედ საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასა და საელჩოს მიერ დაგეგმილ რადიკალურ დღის წესრიგს აძლევდა ხელს; – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა; – 5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა – ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა;
– ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა. ვისი დავალებით ცდილობდნენ იმ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვალის არევას და იტყუებოდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს.

შარშან სწორედ ასე ჩავარდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე საელჩოდან იყო კოორდინირებული.

ხელისუფლების შეცვლის გეგმა წელს, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე იყო აგებული. სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფორსირების პროცესი სწორედ საქართველოსთვის მოიგონეს, რომელიც საბოლოოდ იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭებოდა, ხოლო საქართველოს – არა, რასაც, საელჩოს გათვლით, საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება და ბაკურიანში განხილული რევოლუციური სცენარის აგორება უნდა გამოეწვია. აშკარა იყო, რომ საელჩო ევროკავშირის უარის ეფექტზე ძალიან დიდ ფსონს დებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის წამყვან ენჯეოებს სრული პოლიტიკური თვითლუსტრაციისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დაყენებისთვის არ გაიმეტებდა. არც მანამდე იზრუნებდა ამდენს სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაზე და ამისათვის, მისი ორივე შვილის ნახტომისებურ სამსახურებრივ დაწინაურებას არ უზრუნველყოფდა. თუ თითქმის უფუნქციო პრეზიდენტზე მანამდე დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ, ახლა აქაც კი მაქსიმალური ინვესტიცია ჩადეს და სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენეს.

თუმცა, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც აჩვენა სიმყარე და გადატრიალების მორიგი მცდელობა წარმატებით ჩააგდო.
ამ ყველაფერს საზოგადოებას ვახსენებთ არა საელჩოს დისკრედიტაციის მიზნით ან მასზე შურის საძიებლად, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა: – ჩვენს შეკითხვებზე კელი დეგნანის რეაქციიდან ნათლად ჩანს, რომ მიდგომა საელჩოს ჯერაც არ შეუცვლია და როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია. ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა, რომ მეორე ფრონტის მიზნებისთვის რევოლუციურ სცენარს არ ამზადებს, ის ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა. როცა საზოგადოება ქმედებით სხვა რამეს ხედავს, გვერწმუნეთ, კლიპებით თავის მართლება შედეგიანი ვერ იქნება; – საელჩოს მიდგომის უცვლელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის გარშემო შექმნილი სამუშაო პროცესის პარალელურად, საელჩოს ფავორიტმა რადიკალურმა პარტიებმა პარალელური პროცესი წამოიწყეს, რაც კონსტიტუციური სისტემის საბოტაჟის კიდევ ერთი გამოხატულებაა; – გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება; – კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელშიც საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან და ენჯეოებთან ერთად, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტი – სახალხო დამცველიც კი ჩაერთო; – ასევე, გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა.

„ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენიანი ფიგურააო. ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო. როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, „ენჯეოს“ და უცხოელ ლობისტს სიტყვა „ოლიგარქი“ აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, შესაბამისი კამპანია საელჩოს მიერ რომ არ იყოს კოორდინირებული, ელჩი ამ სიცრუეს მარტივად გაემიჯნებოდა.

ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა.

ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა ვინმე. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში ხალხისთვის, გაუსაძლისთან ერთად, სრულიად უპერსპექტივო ვითარება შეიქმნა, 2018 წელს კი, პოლიტიკაში მაშინ შემობრუნდა, როდესაც მმართველი გუნდი შიგნიდან მოიშალა, რამაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სერიოზული რისკები შეუქმნა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს.

ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს. საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს. სწორედ მეორე ფრონტის ინტერესს ემსახურება გაუგონარი შანტაჟი, რომელიც მასზე შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების მიზნით მონათლეს ის, საელჩოს კოორდინაციით, ოლიგარქად და მას სხვადასხვა მხრიდან ფორმალური სანქციებითაც კი ემუქრებიან.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული. როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ ჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რაც სახელმწიფოებრივ ამოცანად მიგვაჩნია.

ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება.

ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა საელჩოს გამუდმებული მოთხოვნები ისეთი სამართლებრივი რეგულაციების დადგენის შესახებ, რომელთა შემოღების შემთხვევაში ქვეყნის მართვა უკიდურესად გართულდება, ან სულაც, შეუძლებელიც კი გახდება. აღნიშნულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს, გენერალური პროკურორისა და მოსამართლეების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი, რასაც განვითარებული დასავლური დემოკრატიების პრაქტიკაში ანალოგი არა აქვს. აღნიშნულის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დანერგილი და იქაც სერიოზული პრობლემებით მოქმედებს. აშკარაა, რომ საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის.

ასეთ პირობებში, მხოლოდ ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა, ხალხის მთავარი იარაღი კი სიმართლეა, რომლითაც ის სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი. ჩვენი მთავარი ინტერესი ქვეყნის გადარჩენაა, თორემ განადგურებულ ქვეყანას გინდა სტრატეგიული და გინდაც არასტრატეგიული პარტნიორი ვეღარაფერში გამოადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ, რათა სიმართლით შეიარაღებული ხალხის ძალით ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და გადავარჩინოთ.

კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტების მეგობრობას გვთავაზობს, რაც ალოგიკურია

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული მხარის პოზიცია, ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული შესაბამისი არგუმენტებით და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.„მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე. ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ქვეყანაში ოპოზიციის სახით წარმოდგენილ აგენტურულ ქსელს აძლიერებს.„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა

ბერძნებს ბოლო მომენტში გამოაკლდათ ნიკ კალატესი, იანის ანტეტოკუნმპო ისედაც არ ჰყავდათ, ისევე როგორც ჩვენ NBA-ს კალათბურთელები – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.შესაბამისად, ტოპკლასის მოთამაშე ასეთ სიტუაციაში ძალიან ბევრს წყვეტს. ამიტომაც გვეკითხებოდნენ ქართველ ჟურნალისტებს ბერძნები – თორნიკე შენგელია ითამაშებსო? დადებითმა პასუხმა ზოგი გააკვირვა, გუშინ ხომ ევროლიგაზე „დუბაის“ შემადგენლობაში ითამაშაო. სხვებმა იცოდნენ თორნიკეს ამბავი და ამიტომაც უფრთხოდნენ მას.თამაშმაც გვიჩვენა, რომ მათ სიფრთხილეს საფუძველი ჰქონდა: ბერძენთა ნაკრებში შენგელიას შემჩერებელი კალათბურთელი არ მოიძებნა. მართალია, ქულაუხვი თამაში არ გამოვიდა, ორივე გუნდი ძალიან დიდ ენერგიას დაცვაში ხარჯავდა. თუმცა შენგელია და რიდი ორივე გუნდში მთავარი მექულეები იყვნენ.მატჩის წინა დღით დუდა სანაძემ აღნიშნა – თუ თამაში ქულა-ქულაში წავა, ბერძნები უფრო ანერვიულდებიან, რადგან შინ თამაშობენ და წაგება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს მინიმუმამდე უმცირებთო. დუდა მართალი აღმოჩნდა, თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და განსაკუთრებით მეტი შეცდომა მეოთხე პერიოდში დაუშვეს, ქულების მოგროვება ერთსაც და მეორე გუნდსაც ძალიან გაუჭირდა.ორიოდე სიტყვა სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ: საქართველოს ნაკრები უხეშობით არასოდეს გამოირჩევა, შესაბამისად, იშვიათია შემთხვევა, მეტოქეზე ნაკლები საჯარიმო სტყრცნოს. მით უმეტეს, როცა გუნდში თორნიკე შენგელია გყავს, რომლის შეჩერება ჯარიმის გარეშე ურთულესი საქმეა.ათენის მატჩში კი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საბერძნეთს 26 საჯარიმო ჰქონდა ნატყორცნი, საქართველოს მხოლოდ – 9. ასეთ სხვაობას მხოლოდ ერთი ახსნა მოეძებნება – საბერძნეთი შინ თამაშობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სადავო ეპიზოდში მსაჯები საქართველოს ნაკრების საწინააღმდეგოდ სტვენდნენ.ალექსანდარ ჯიკიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი ამისთვისაც სათანადოდ მოამზადა – ჩვენი გუნდის კალათბურთელებს მსაჯის ბევრი მართლაც ზედმეტად საეჭვო მოქმედება ხმამაღლა ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ. მშვიდად წარმართეს მთელი თამაში და მშვიდად მივიდნენ ბოლო წამებამდე. მატჩის დასრულებამდე 2:27 წამით ადრე საქართველო რიდის ჩაჭრით და ორქულიანით 72:68 დაწინაურდა.მატჩის ბოლო წუთები დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა და ძირითადი დრო 75:75 დასრულდა – გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებს 5-5 პერსონალური შენიშვნების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვერ დაეხმარნენ, მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს – 92:88.საქართველოს ნაკრების ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. მონტენეგროს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 62:93 დამარცხდა, ხოლო პორტუგალიამ შინ, დაძაბულ ბრძოლაში უკრაინას 95:90 სძლია.მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს,  უკრაინა მონტენეგროს მიიღებს (20:30), ესპანეთი კი საბერძნეთს უმასპინძლებს (21:00). რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ჯვაროსნები“ თბილისში პორტუგალიის ეთამაშებიან – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი 19:30 საათიდან შემოგთავაზებთ.

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს

ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მიმდინარეობს.ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშიც თანაბარია და ანგარიშში სხვაობაც მინიმალურია.პირველი მეოთხედი საბერძნეთმა 27:20 მოიგო, მეორის დასაწყისში კი საქართველომ შენგელიას წინამძღოლობით ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 30:29.ტაიმი კი ქართველების გამარჯვებით დასრულდა – 41:38.

ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.დაძაბული სიტუაციის გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა.სამართალდამცავებმა სიტუაციის განმუხტვუს მიზნით ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს.„გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობენ. ფანებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს, დაზიანებულია სკამები. თამაში დროებით შეწყვეტილია“, - ამბობს სტადიონზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში საქართველოს შესახებ – 17.5-მილიონიანი ბიუჯეტი, ქართული ორგანიზაციების როლი, 2023–2024 წლების მოვლენები, საქართველო, როგორც „უნიკალური მოდელი“

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 2019–2024 წლების შიდა ანგარიშები, ბრიფინგები, ადმინისტრატორ სამანტა პაუერისთვის მომზადებული მემორანდუმები და ელექტრონული მიმოწერები დეტალურად აღწერს საქართველოში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ მედია და კონტრდეზინფორმაციულ პროგრამებს. შიდა მიმოწერის დოკუმენტები, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი, თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციების დროს USAID-ს იყენებდნენ იარაღად რადიკალური დღის წესრიგის გასატარებლად, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს – „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ვაქვეყნებთ დოკუმენტებს, მემორანდუმებსა და შიდა მიმოწერას, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ საქმიანობდა სააგენტო“.დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველო USAID-ის გლობალურ პორტფელში ერთ-ერთ მთავარ საპილოტე ქვეყნად განიხილებოდა – დაწყებული სოციალური ქსელების მონიტორინგით, დასრულებული 17.5-მილიონიანი პროგრამებით, ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობითა და საქართველოს ხელისუფლებასთან 2023–2024 წლებში განვითარებული ღია დაპირისპირებით.USAID-ის გლობალური პროგრამების მონაცემთა ბაზის (Disinformation Activity Data Sheet) მიხედვით, საქართველოში ინფორმაციული სივრცისა და მედიის მიმართულებით ორი მსხვილი პროგრამა ფინანსდებოდა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 17.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა:„საქართველოს ინფორმაციის სანდოობის პროგრამა“ (GIIP): 2020–2025 წლებზე გათვლილი პროექტი 7.5 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, რომელსაც ბრიტანული კომპანია Zinc Network ახორციელებდა (თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, USAID-ის მხრიდან კოორდინატორი ქეთი ბაქრაძე).„მედიისა და საინფორმაციო აქტორების გაძლიერება საქართველოში“: 2022–2027 წლებზე გათვლილი პროგრამა ათი მილიონი დოლარის ბიუჯეტით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია IREX ხელმძღვანელობდა (USAID-ის კოორდინატორი კორინ როთბლუმი).ამ ორი პროექტის გარდა, დოკუმენტებში ნახსენებია რეგიონული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელი (RIJN / OCCRP), რომელსაც USAID 2011–2022 წლებში აფინანსებდა და რომელიც კორუფციული გამოძიებების კუთხით საქართველოშიც მუშაობდა. მიმოწერებში ასევე ფიგურირებს USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამა თბილისში, რომელსაც კომპანია DAI (ხელმძღვანელი რიჩარდ ჰეზელვუდი) ახორციელებდა.შიდა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს პროგრამის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი თავად USAID-ის ადმინისტრატორს, სამანტა პაუერს ჯერ კიდევ თანამდებობაზე დამტკიცებამდე ჰქონდა. 2021 წლის 2 თებერვლის ბრიფინგის ჩანაწერში, მას შემდეგ, რაც სააგენტოს წარმომადგენელმა მას საქართველოში მიმდინარე კონტრდეზინფორმაციული პროგრამის შესახებ უამბო, პაუერმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა საქართველოს გამოცდილებას და გაიგებდა, როგორ შეიძლებოდა ამ გაკვეთილების გამოყენება უკრაინაში.2022 წლის 11 ივლისს პაუერისთვის გაგზავნილ მემორანდუმში საქართველოს პროგრამა შეფასებულია, როგორც უნიკალური, „მთელი საზოგადოების“ (whole-of-society) მომცველი მოდელი, რომელიც ტრადიციული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, აერთიანებდა ადგილობრივ მონაცემთა მეცნიერებს, სასულიერო პირებს, ხელოვანებსა და ანთროპოლოგებს. 2022 წლის ნოემბერში USAID-ის ინფორმაციის მედეგობის ხელმძღვანელი ვერა ზაკემი პრაღისა და კიშინიოვის შემდეგ სპეციალური ვიზიტით  საქართველოში იმყოფებოდა, რათა პროგრამის მუშაობას ადგილზე გასცნობოდა.ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის (NORC) მიერ 2023 წლის აგვისტოში მომზადებულ ვრცელ ანგარიშში საუბარია USAID-ის ტაქტიკაზე საქართველოსთან მიმართებით. ავტორების შეფასებით, მიუხედავად 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ევროატლანტიკური კურსისა, 2008 წლის ომისა და ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სკეპტიკურად უყურებს ნატო-ს წევრობას და მოსკოვთან დაბალანსებულ ურთიერთობას ამჯობინებს. ანგარიშში წერია, რომ „საქართველოს მთავრობამ საკუთარ კომუნიკაციებში თავად დაიწყო მოსკოვის გზავნილების გამეორება, რამაც ხელისუფლებასთან პარტნიორობაზე დაფუძნებული რეფორმები შეუძლებელი გახადა და USAID-ი იძულებული გახდა, აქცენტი სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და ალტერნატიულ ნარატივებზე გადაეტანა“.ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროგრამის მიდგომამ – მიზანმიმართულად შეეცვალა მოქალაქეთა განწყობები და ქცევა – თავად USAID-ის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თანამშრომელთა ნაწილი სვამდა კითხვას, შედიოდა თუ არა მსგავსი კამპანიები განვითარების სააგენტოს მანდატში და ხომ არ უახლოვდებოდა ის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიას.დოკუმენტებში დასახელებულია კონკრეტული ქართული ორგანიზაციები და პარტნიორული გაერთიანებები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე USAID-ისა და მისი პარტნიორების პროექტებში მონაწილეობდნენ:„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED): 2022 წლის თებერვლის მემორანდუმში აღნიშნულია, რომ Facebook-მა USAID-ის მხარდაჭერილი ISFED-ის მონაცემებზე დაყრდნობით წაშალა 500-ზე მეტი გვერდი, 100 Facebook ანგარიში, 120 ჯგუფი და 56 Instagram ანგარიში, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. გარდა ამისა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) 2021 წლის ოქტომბრის ანგარიშში ISFED-ი და FactCheck.ge მოყვანილია მაგალითად, თუ როგორ „ამხილეს მათ ცესკო-ს ყალბი Facebook გვერდი“.დოკუმენტებში ასევე დასახელებულია, „ინფორმაციის სანდოობის კოალიცია“: GIIP-ის ფარგლებში შექმნილი ქსელი, რომელიც თავდაპირველად რვა, შემდეგ კი 13 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა (NORC-ის ანგარიშში მათი ინდივიდუალური სახელწოდებები და დაფინანსების წილი დაკონკრეტებული არ არის).დოკუმენტებში მოხვდა ასევე ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია (DFRLab), რომელთან ერთადაც, ანგარიშების მიხედვით, შეიქმნა საქართველოს დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუკა და ყოველ ორ კვირაში ქვეყნდებოდა მონიტორინგის ანგარიშები.გამოცემა Civil Georgia დოკუმენტებში ფიგურირებს, როგორც მთავარი საინფორმაციო წყარო და პლატფორმა USAID-ის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებებისთვის.NORC-ის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი GIIP-ის კოალიციის მიერ ჩატარებული კამპანიები და პროექტებიც. კერძოდ, „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“: 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წამოწყებული კამპანია, რომელიც პასუხობდა „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ გავრცელებულ ნარატივებს. ანგარიშის თანახმად, ამ კამპანიის შემდეგ მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმა ნატო-ს მიმართ მანამდე გაკეთებული ბრალდებები უკან წაიღო.ასევე, „გმირობის ნაყოფი“: სოციალური ერთობის კამპანია, რომელიც თბილისელებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერების პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებდა.კიდევ ერთი კამპანიის დასახლებაა „დეზინფორმაცია შეურაცხყოფს ჩვენს გმირებს“: პატრიოტულ ღირებულებებზეა აგებული, მათ შორის თბილისის მეტროში განთავსებული პოსტერებით.ასევე, გორისა და ეროვნული სიმბოლოების კამპანიები – სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში საბჭოთა ნოსტალგიის შესამცირებლად შექმნილი კამპანია.ასევე, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ მითვისებული პატრიოტული სიმბოლოების დაბრუნება და ხალხურ მუსიკოსებთან თანამშრომლობა.დასახლებულია სამი გამოძიება და ტექნოლოგიური პროექტი. კერძოდ, დაფინანსდა გამოძიებები ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ფინანსური კავშირებისა და პროკრემლისტური აქტორების გავლენის შესახებ. ასევე, შეიქმნა პირველი პროგრამა (OCR), რომელიც PDF ფაილებში ქართულ ანბანს ამოიცნობს და რედაქტირებად ტექსტად აქცევს.2022 წლის მარტის გზამკვლევში USAID/Georgia-ს პროგრამა მოყვანილია მთავარ მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ ადგილობრივი ორგანიზაციები Meta-სთან (Facebook): ყალბი ანგარიშებისა და ტროლ-ბოტების ქსელების გამოვლენა და წასაშლელად გადაცემა; ადგილობრივი ფაქტების გადამმოწმებლების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად; Meta-სთან ლობირება, რათა აშშ-ში არჩევნებისთვის დანერგილი პოლიტიკური რეკლამის მკაცრი წესები საქართველოშიც ამოქმედდეს.ელექტრონული მიმოწერების მიხედვით, 2022 წლის 23 სექტემბერს თბილისში, Zinc Network-ის ოფისში შედგა შეხვედრა Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონულ მენეჯერ კატერინა კრუკს, აშშ-ის საელჩოსა და USAID/Georgia-ს წარმომადგენლებს შორის, სადაც არჩევნების სანდოობა და ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს. 2024 წლის 16 აგვისტოს კი, DAI-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ ჰეზელვუდმა USAID-ის მისიას გაუზიარა Civil Georgia-ს სტატია Meta-ს მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედი რუსული ანგარიშების წაშლის შესახებ და მისიას მოახლოებული არჩევნების წინ Meta-ს დეზინფორმაციის პოლიტიკის მენეჯერთან, USAID-ის ყოფილ თანამშრომელ მაიკ ბრედოუსთან პირდაპირი კონტაქტი შესთავაზა.დოკუმენტებში ასევე ნახსენებია საქართველოს ადგილი საერთაშორისო კვლევებში:Global Disinformation Index (GDI): 2023 წელს GDI-მ (რომელიც ონლაინ მედიის დეზინფორმაციულ რისკებს აფასებს) საქართველო ევროპის ექვს პრიორიტეტულ ქვეყანას შორის დაასახელა და ადგილობრივი პარტნიორისთვის 30-მდე მედიასაშუალების შესასწავლად 20 000-დოლარიანი ჰონორარი გამოყო.IFES-ის 2019 წლის ნაშრომში საქართველო (უკრაინასთან და ნიგერიასთან ერთად) დასახელებულია არჩევნების დროს სოციალური მედიის მონიტორინგის ახალი მეთოდების პიონერად.ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში USAID-მა საქართველოს მაღალი რისკის (H) სტატუსი მიანიჭა იმ საფრთხის გამო, რომ ანტიდასავლური დეზინფორმაცია და კიბერშეტევები პარტნიორებზე შეარყევდა საზოგადოების ნდობას და პროგრამებს შეაფერხებდა.USAID-ის უსაფრთხოების ოფისის (SEC) 2024 წლის ნოემბრის ანგარიშში (Foreign Malign Influence Limited Analysis) დეტალურად არის აღწერილი 2023–2024 წლების „კრიზისი“:2023 წლის ოქტომბერი: მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ USAID-ს ბრალი დასდო „ფერადი რევოლუციის“ დაგეგმვასა და სერბეთის მოქალაქეების მონაწილეობით ხელისუფლების დამხობის ტრენინგების დაფინანსებაში, რაც რუსულმა სახელმწიფო მედიამ (TASS, RT) აიტაცა.USAID-ის პასუხი: 2023 წლის 26 ოქტომბერს USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ელჩმა ერინ ელიზაბეტ მაკიმ „Civil Georgia“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები „ექსტრემისტების დაფინანსების“ შესახებ.2024 წლის მაისი: ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად გაართულა USAID-ის მუშაობა ქვეყანაში. ამავე პერიოდში გავრცელდა ბრალდებები, თითქოს სააგენტო IREX-ის გავლით აფინანსებდა საპროტესტო აქციებს. USAID-ის უსაფრთხოების ოფისი ამ განცხადებებს სააგენტოს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.გარდა შიდა ქართული პროექტებისა, 2024 წლის იანვრის ბრიფინგ-დოკუმენტში (Belarusian Independent Media and BigTech) საქართველო რეგიონული მედიაუსაფრთხოების კონტექსტშიც ფიგურირებს. დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსული დამოუკიდებელი მედიისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი თავშესაფარია, ხოლო ბათუმი (ვილნიუსთან, ვარშავასთან, ბელოსტოკთან და უკრაინასთან ერთად) დასახელებულია უსაფრთხო რესურსცენტრად, კონტენტის წარმოების ჰაბად და ახალი მედიაპროექტების აქსელერატორად. ამავე დოკუმენტში ბელარუსული მედიასექტორი Google-ს მოუწოდებს, გაატაროს „ციფრული დეკოლონიზაციის“ პოლიტიკა და ბელარუსული საინფორმაციო ველი რუსულისგან ისევე გამიჯნოს, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში ხდება.

ბოლო სიახლეები