აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა.
„სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ განჯის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გამოუშვეს. განჯა საბრძოლო ზონიდან შორს არის. ამის არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.
მისივე თქმით, განჯაზე იერიში ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.
„სკადის“ გამოყენება მჭიდროდ დასახლებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებას ცხადყოფს“, – დასძინა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან ქალაქ განჯის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, ხოლო 5 – დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო იერიშის მიტანას უარყოფს.