არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს არ ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა ჰქონდა მსუბუქი სიმპტომატიკა – ხველა. ყელის ზომიერი ტკივილი, ზოგადი ადინამია- ეს არის კორონავირუსი, რომელიც მაინც და მაინც მწვავედ არ იწყება და ნელ-ნელა შეპარვით ვითარდება- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მარინა ენდელეაძის თქმით, ვირუსი ჩვეულებრივი რესპირაციული სიმპტომებით იწყება.
„შეიძლება იყოს ხველა, დაბალი სუფებრილიტეტი, ყელის ტკივილი, ზოგადი ადინამია. მართლა მსუბუქად იწყება და შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ დინამიკაში ეს სიმპტომატიკა იცვლება. პნევმონიაც კი ვისაც აქვს და არ იყო მძიმე შემთხვევა, იქაც სიმპტომატიკა მნიშვნელოვნად არ გამოვლენილა, რენტგენოლოგიურადაც კი ვერ ნახავ ამ პნევმონიას, მას აუცილებლად კომპიუტერული ტომოგრაფია სჭირდება“- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტების უმრავლესობა სტაბილურ მდგომარეობაშია, არ ველოდებით განსაკუთრებულ გართულებებს. გვყავს რამდენიმე ახალი პაციენტიც და არც მათი მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ ახალ პაციენტებზე პროგნოზის გაკეთება წინასწარ არ შეიძლება. რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს, იქაც არ ვიშურებთ ძალ-ღონეს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს“-განაცხადა მარინა ენდელაძემ.