ყველაზე აქტუალურია ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი, რომელიც პრაქტიკულად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, სააგენტოსთვის ეს ერთ-ერთი რთული ამოცანაა, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ „tv პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გვაქვს შესაბამისი სია, რომლის მიხედვითაც გაწერილია გრაფიკი, რომელ საათზე, წუთზე უნდა მივიღოთ ბავშვები და ასევე გაყვანის წესიც ანალოგიურია. მშობლები არ დაიშვებიან შენობებში.
მშობლების არშეშვებამ შეიძლება მცირედი სტრესი გამოიწვიოს ბავშვებში, ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს სტრესი პატარებს შევუმსუბუქოთ და ამიტომ ვატარებთ სხვადასხა ღონისძიებას. მაგ: წინასწარ ე.წ. ახალი ბავშვები, რომლებიც ახლა მიდიან ბაღში, შევახვედროთ აღმზრდელებს, გავაცნოთ, რომ ნაკლები იყოს სტრესული მდგომარეობა“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისი თქმით, ასევე შეიცვალა ბავშვების კვების სისტემა, მაგიდების განლაგება.
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.