ორშაბათი, აგვისტო 17, 2026

თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს ისევ მიიღებენ

ხვალიდან თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს. ამასთან, აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში კვებით იქნებიან უზრუნველყოფილები, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.
 
„მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტს, ემანუელს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტს, ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები.„შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმარმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას.შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ამ ვიზიტისა და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გაიხსენა მისი პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გულთბილი მილოცვა.„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე ემანუელ, მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ. მოხარული ვართ, ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომ თქვენი სტუმრობით დღეს, ერთი მხრივ, ოფიციალურად წარმოადგენთ მსოფლიო საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი, ჩვენ უკვე იმდენჯერ შევხვედრილვართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ ეს არის ასევე მეგობრული განწყობის მქონე შეხვედრაც.რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჩვენს შეკრებას და იმედს იძლევა შემდგომ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, მის ყოვლადუწმინდესობას ჩვენგან გადასცეთ თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიებისა.ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობის და ასევე პირადად თქვენს ძალიან თბილ და ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი, მისი პიროვნებისადმი (როცა ის ცოცხალი იყო), რასაც მისი ყოვლადუწმინდესობა და თქვენ ავლენდით და ავლენთ მის მიმართ.მინდა, აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული.რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება.და აი, ღვთის წყალობით, მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს-პატრიარქად. მინდა, გავიხსენო და არასდროს დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ჩვენ, ყველას“, – განაცხადა სტუმართან საუბრისას შიო მესამემ.„ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის, ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები.საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. მინდა, ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს – ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დატოვებული მემკვიდრეობა. თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას. ეს საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი, ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რაც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის.მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა, რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი და შეტყობინება: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტუმარმა შეხვედრის მიმდინარეობისას.აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე საუბარს.შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სტუმარს საჩუქრები უსახსოვრა. მიტროპოლიტ ემანუელს ასევე გადაეცა მსოფლიო პატრიარქისთვის განკუთვნილი საჩუქარი.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი წერილის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ თან დართული ინფორმაცია „მას არ მიუტანია“

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებს.თუმცა, ადვოკატი აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საკუთარ განცხადებას დაურთო ექსპრემიერმა, მას არ მიუტანია.„მე არ მიმიტანია, მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ სულ: ერთი ის, რომ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის წერილია ეგ, რაც „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა, მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალ გაავრცელებს ინფორმაციას“, - აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“.ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება."დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.

გიორგი გახარიას ადვოკატი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას, ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, წლების განმავლობაში აგორებულ „ტყუილს და პროპაგანდას“ თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული საგუშაგოს გამო საქართველომ მილიონობით კვადრატული მეტრის მიწა დაკარგა, თავად ირაკლი კობახიძის განცხადება ჰფენს ნათელს და ადასტურებს, რომ ტყუილია.„დღეს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების მხარეს არ ეყოლება წარმოდგენილი მოწმე და მხოლოდ ფორმალურად იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე. თუმცა, დაცვის მხარე დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით ასევე, მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას. საქმე შეეხება იმ გარემოებას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და დეზინფორმატორები „ქართული ოცნების“ პარლამენტში აცხადებდნენ, რომ მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი დაკარგა ქვეყანამ გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, როდესაც ჩორჩანაში ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღიმართა საპოლიციო საგუშაგო და ამას თავად ტირაჟირებდნენ ირაკლი კობახიძე და მდინარაძის ხელქვეითი დეპუტატები პარლამენტში.მინდა გაგახსენოთ, რომ 2026 წლის 11 აგვისტოს განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, სადაც რეალური ინფორმაცია წამოსცდა. შინდისის მემორიალთან აკეთებს ირაკლი კობახიძე განცხადებას, რომ რუსეთს 2012 წლის შემდეგ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ფაქტობრივად, ამით პირდაპირ აღიარა, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებული ნარატივი, თითქოს ქვეყანას ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვა ტერიტორიულ ოკუპაციად დაუჯდა იყო მტკნარი სიცრუე პროპაგანდისტული გზავნილი და ზუსტად ემთხვეოდა ერთი-ერთში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გზავნილებს. როდის იტყუება ეს ადამიანი?როგორც ამბობენ, მატყუარას მეხსიერება და სინდისი არ აქვს და ფაქტია, რომ მას მეხსიერება და სინდისი არ აქვს. დაავიწყდა რა საქმე ჰქონდა გაშლილი გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ სასამართლო დაუშვებს ირაკლი კობახიძეს ამ გამოსვლას, როგორც მტკიცებულებას და გამოვიძახებთ მას სასამართლოში, რადგან ამ ადამიანს, რომელიც მთავრობის მეთაურად და საქართველოს პრემიერ მინისტრად იწოდება ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. თავადაც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის მერე არანაირი წინსვლა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონიათ და ის ნარატივი, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს აგებით თითქოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა არის მტკნარი სიცრუე ,პირიქით გიორგი გახარიამ ჩორჩანაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 მილიონი კვადრატული მეტრი შეუნარჩუნა ჩვენ ქვეყანას. ვნახოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიღებს და იმედი მაქვს არ იტყვის, რომ საქართველოს მოქმედი პრემიერ -მინისტრის სიტყვები არაფერს არ ნიშნავს“ , - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს“.„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.ამასთან, ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ტექსტის ფოტოს, რომელზეც, მისივე ინფორმაციით, მისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს შეიცავს:„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენს თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იმავე 5-წლიანი ვადით, ანუ, როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, – ნათქვამია წერილში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას „ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს“. 

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი – ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს

ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.როგორც კომიტეტში აცხადებენ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე.„სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. საზოგადოებისადმი პატივისცემისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოგიდგენთ დეტალურ განმარტებებს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა, ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. ცელოფნით არის გადახურული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) პირდაპირ და მკაფიო ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას. ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 და ერთიც იტალიური ჯგუფის მიერ შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობითა და ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სტრუქტურის პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი, რომელიც ყველა ურთულეს გამოწვევას პასუხობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა განხორციელებულმა პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. რაც შეეხება უშუალოდ გადასახურ მასალას, იგი წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ არა ერთიანი დროებითი გადახურვა, შეუძლებელი იქნებოდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების მოხსნა და იმ სველი ინერტული მასალის ამოღება, რომელსაც დღეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს.ასევე, უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი. ამასთან, გავრცელებული წერილი, რომლის ავტორიც თავს „გელათის სტიქაროსნად“ მოიხსენიებს, შეიცავს ცრუ ინფორმაციებს, ხოლო აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს მონასტრის სტიქაროსანს ან მსახური სასულიერო პირების მრევლს. ამავე კონტექსტში გაჟღერდა მცდარი მოსაზრებები სადრენაჟე სისტემასთან დაკავშირებითაც. ისტორიული და არქეოლოგიური რეალობა ისაა, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1510 წელს, ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შემდეგ, რაც დასტურდება მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით — სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში გამოვსებული იყო მიწით, ნაცრითა და ნახშირით.გელათის რეაბილიტაციის პროცესებისადმი სუბიექტურად და ტენდეციურად განწყობილ გარკვეულ წრეებში არასწორი აღქმა შეიქმნა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიმართაც, რომელიც ტაძრების მიკროკლიმატის კვლევას ეხება. ჩვენთვის უცნობია ანგარიშის კრიტიკოსთა კომპეტენცია კლიმატოლოგიის კუთხით, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ , რომ ზემოხსენებული კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო — კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სამეცნიერო დისციპლინის აღიარებული ფუძემდებელი, რომლის სახელმძღვანელოებითაც კლიმატოლოგიის დარგის სპეციალობებზე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. შესაბამისად, გაუგებარია ბატონი კამუფოს ანგარიშში მოყვანილი სამეცნიერო მსჯელობების საფრთხის შემცველად მიჩნევა, რეალობა კი ის არის, რომ კლიმატოლოგიური პრობლემა, რომელიც გელათის კათედრალს აღენიშნება (და რომელიც საუკუნეების მანძილზე პროგრესირებს), ტიპურია ყველა დიდი კათედრალისთვის, კერძოდ: იმდენად, რამდენადაც გაზაფხულზე ტემპერატურა იზრდება და იწყება ინტენსიური დათბობა, ამ დროს კი ტაძრის კედლები, რომელთა სისქეც 170 სმ-ია, ზამთრის სიცივეს ინარჩუნებს და როდესაც მზისგან გამთბარი ჰაერი ინტერიერში შეედინება, ხდება ტაძრის იატაკისა და კედლების (დაახლოებით 70 სმ. სიმაღლემდე) დატენიანება/კონდესირება. ფიზიკის საკითხია, რომ სითბოსა და სიცივის შეხებისას ჰაერში არსებული ტენი განიცდის კონდესაციას და მკვეთრი კონტრასტის დროს ნამის წვეთებიც კი წარმოიქმნება. ამიტომ ერთ-ერთ აპრობირებულ გამოსავლად პროფესორი კამუფო იატაკის ნელ-ნელა შეთბობას გვთავაზობს გაზაფხულის დათბობიდან ზაფხულის შუა პერიოდამდე, ვიდრე ტაძარის ტემპერატურა და გარე ტემპერატურა ისე არ გათანაბრდება, რომ კონდესაცია აღარ მოხდება.ხაზგასასმელია, რომ პროფესორ კამუფოს მიერ დასაშვებ მეთოდად დასახელებული იატაკის რეგულირებადი შეთბობა ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა, რომელსაც ესაჭიროება შემდგომი დეტალური კვლევა და მრავალმხრივი დამუშავება. მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის დანერგილი ევროპის მრავალ ისტორიულ ტაძარში ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული კონდენსაციის პრევენციის მიზნით. გაუგებრობას იწვევს იტალიურ ინსტიტუტთან — Opificio delle Pietre Dure-თან გაფორმებულ მემორანდუმზე რეაგირებაც. ბრალდება, თითქოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი ჩამოგვყავს ძეგლზე „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად, ელემენტარული პროფესიული უმეცრება ან პროპაგანდაა. პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე (საცდელ) რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს. კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს გახლავთ მიღებული სტანდარტი: მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე, უმცირეს და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება საკონსერვაციო ხსნარებისა და მეთოდების უსაფრთხოება, და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ იწყება სრულმასშტაბიანი პროცესი.ცინიკური და ფარისევლურია მათი მხრიდან გელათის მოზაიკაზე დიდი გულისტკივილით საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 1989 წელს ბატონი კარლო ბაკურაძე, რომელმაც გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკას გადამრჩენი რესტავრაცია ჩაუტარა, წერს, რომ მოზაიკის კომპოზიცია 85%-ით არის მოშორებული საფუძველს. 1990 წლიდან, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტამდე, არავის უზრუნია გელათის უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესწავლაზე. აღნიშნულ მუდმივმოქმედ კრიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში დარგს ხელმძღვანელობდნენ, არცერთხელ მოუწვევიათ ერთი ექსპერტიც კი, რომ არათუ ხარაჩოდან, არამედ იატაკის დონიდან მაინც შეეფასებინათ უნიკალური მოზაიკის მდგომარეობა, რომელიც, როგორც ბატონი კარლო ბაკურაძის 80-იანი წლებისა და ბატონი რობერტო ნარდის ამჟამინდელი ანგარიშები ცხადყოფს, მოზაიკის დაზიანებების სიმძიმე პრაქტიკულად იდენტურია. ასევე ცინიკური და ფარისევლურია საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც ახლადაშენებულ ბაგრატის ტაძარში სულ რაღაც ერთ წელიწადში წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა და ეს პრობლემა დღემდე დგას.მოვუწოდებთ კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა და ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს, თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს, ვინაიდან სიცრუემ და ცილისწამებამ მათ უკვე არაერთხელ დააკარგინა სახე. საზოგადოების მართებულად ინფორმირებულობისთვის კი კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს“, – ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში. 

ბოლო სიახლეები