გიორგი ცუცქირიძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 95%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არა მხოლოდ მასშტაბური, არამედ უპრეცედენტოა

„ბიძინა ივანიშვილი რომ დიდი ქველმოქმედი და მეცენატი იყო, ეს ისედაც იყო ცნობილი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 95%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არის არა მხოლოდ მასშტაბური, არამედ უპრეცედენტო”, – ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს ასეთ მასშტაბებს.

„შედარებისთვის თუნდაც ცნობილი მილიარდერის და ფილანტროპის უორენ ბაფეტის მიერ ბოლო 5 წელიწადში ქველმოქმედებაზე გაცემული სახსრები მისი ქონების 16%-ს, ხოლო გეითსების წყვილის – 9%-ს შეადგენს. ცალკე თემაა მისი დამოკიდებულება ბიზნესისადმი, მხედველობაში მაქვს პირველ რიგში სოციალური მეწარმეობა, რომლის წამომწყებიც ის არის საქართველოში და სამწუხაროდ, ასევე არის დღესაც უცხო ქართული ბიზნესისთვის.

სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას და როგორც წესი, ამ სახის პროექტებს საერთაშორისი პრაქტიკაში არამომგებიანი ორგანიზაციები და ფონდები ახორციელებენ. ცალკე თემაა ზოგადად მისი დამოკიდებულება კომერციასა და განსაკუთრებით მოგების ფენომენზე, როდესაც განსაკუთრებით მსხვილი ქართული ბიზნესი მოგების ზე-მაღალ მარჟაზეა ორიენტირებული. ჩემთვისაც კი, რომელსაც ჰქონდა უშუალო შეხება საბანკო სექტორთან, სიურპრიზი გამოდგა, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ “ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ხოლო ბანკმა, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა“, – წერს ექსპერტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უცდია, იგივე საბანკო სექტორისათვის, რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა, თუნდაც წმინდა კონკურენტული ეგოიზმის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც მისი ფინანსური რესურსები ამის შესაძლებლობას თავისუფლად აძლევდა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო – აღნიშნა კიდეც, ჟურნალ „ენტერპრენერისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. „ქართუ“ ბანკს ნამდვილად არასოდეს უცდია აგრესიული მარკეტინგული მოქმედებები ბაზარზე, და არც არასოდეს ჰქონია მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, განსხვავებით სხვა საბანკო ჯგუფებისგან, იგივე ახლა პოლიტიკაში გადაბარგებული ბატონი ხაზარაძისგან, რომლის სტრატეგიაც სწორედ საპირისპირო იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ „ქართუ ბანკი“, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას, რაც იყო სხვა ბანკებისათვის დიდი ცდუნება და გარანტირებული შემოსავალიც ამავდროულად. ნიშანდობლივია, რომ ფასდაუდებელია ბანკ „აბსოლუტის“ გაკოტრების შემთხვევაც, რომელიც იმ დროს უმსხვილესი ბანკი იყო და როცა 2001 წელს მისი პასივების, მათ შორის პრობლემურის გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადაარჩინა მთლიანად ქართული საბანკო სისტემა სერიოზულ ლიკვიდობის კრიზისსაც. და მარტო ამ ყველაფრისათვის, ის ისედაც შესულია ისტორიაში დიდ მამულიშვილად და ქველმოქმედად! ამ პოსტში მისი საქმიანობის მხოლოდ ნაწილს შევეხე და პოლიტიკაზეც სხვა დროს ვეცდები მისი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმიანობის შეფასებას“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Comments

კომენტარები