ოთხშაბათი, ნოემბერი 13, 2024

​ნიკოლოზ სამხარაძე -ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს წერილით მიმართავს

გადამწყვეტია, რომ ევროკავშირმა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ევროკავშირი ასევე გააგზავნის მკაფიო სიგნალს მთელს მსოფლიოში, რომ თითოეული დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს განვითარების საკუთარი გზა, – ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალურ წერილში.

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას. სუვერენულ სახელმწიფოში სამხედრო შეჭრა და ძალის გამოყენებით ევროპის რუკის შეცვლა სრულიად მიუღებელია და იგი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

საქართველო ერთგულია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ და სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვაგრძელებთ უკრაინის თანმიმდევრულ მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე, რაზეც ნათლად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები:

1) საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თანა-სპონსორი, რომელმაც დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/ES-11/1 რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“;

2) საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით როგორც მინისტრთა კომიტეტში, ასევე საპარლამენტო ასამბლეაში;

3) 24-25 თებერვალს მე, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მივიღე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერისკენ და დავგმე რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმების ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება;

4) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატა ძლიერი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ;

5) საქართველოსა და კიდევ 38 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინის ომი წარმოადგენს იმ სცენარის განმეორებას, რამაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი გავიდა. თუმცა, ძნელია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ ვითარებას მშვიდობა ვუწოდოთ. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და ყოველდღიურად აგრძელებს პროვოკაციებს, რაც იწვევს ადგილზე არსებული ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას. საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის დამონტაჟება, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება და უკანონო დაკავება, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკურად ქართველი სკოლის მოსწავლეებისთვის დაწყებითი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლების ჩამორთმევა, ქართული სოფლებისთვის სახელების გადარქმევა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლა, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ რა მოჰყვა საქართველოს ისტორიული კუთხეების ოკუპაციას.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო გაძლიერება, უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ცხადყოფს, რომ ადრე თუ გვიან, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო კვლავ დადგება განმეორებითი სრულმასშტაბიანი ომის წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ არ გავიმეოროთ 2008 წლის შეცდომები და დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მხარდაჭერას, რათა საქართველომ შეძლოს თავისი არჩევანის სისრულეში მოყვანა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა ახალ გეოპოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კატასტროფებს აგვაცილებს თავიდან. ამასთანავე ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ აგრესია არ არის ევროპის პოლიტიკური და უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის გზა.

როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს, შეცვლილი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გამო, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარებული წესით შეიტანა. გთხოვთ, მჭიდროდ იმუშავოთ თქვენს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა ევროპულმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ამოცანაა და მას მხარს უჭერს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სიმპათიისა. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტია, რომ ევროკავშირმა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ევროკავშირი ასევე გააგზავნის მკაფიო სიგნალს მთელს მსოფლიოში, რომ თითოეული დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს განვითარების საკუთარი გზა“, – ნათქვამია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანა დოლიძე: ჩვენი ამოცანაა, საერთო არ შედგეს პარლამენტის სხდომა, აბა რატომ ვართ ქუჩაში?!

სიების ჩახსნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ - დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა. „რა თქმა უნდა, ვაპირებთ საპარლამენტო სიების ჩახსნას და ეს ნათქვამიც გვაქვს. „ძლიერი საქართველო“ ვართ კოალიცია, სადაც 4 პარტია შედის: „პარტია ხალხისთვის“, „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“. ცალ-ცალკე ყველა ლიდერს ეს განცხადება გაკეთებული აქვს. იძულებული ვარ ავხსნა რა ხდება დღეს, რა საკითხთან გვაქვს საქმე და იძულებული ვარ, რომ მოქალაქეებისთვის განვმარტო იურიდიული საკითხების მოკლე კურსი. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ვთქვათ - ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ და ამ პარლამენტს ქმედით უნარიანობას არ მივანიჭებთ. გარდა ამისა ჩვენი ამოცანაა, საერთო არ შედგეს ეს სხდომა. აბა რატომ ვართ ქუჩაში?! 2 კვირაა ქუჩებს ვკეტავთ, ყველა არა, ჩვენ ვკეტავთ ქუჩებს, იმიტომ, რომ არ გვინდა ეს სხდომა საერთოდ შედგეს. ჩვენ ყველანაირი ძალებით ვეცდებით,რომ სხდომა არ შედგეს“, - განაცხადა დოლიძემ.

ვილი სანიოლი – კონტრაქტის გახანგრძლივება ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს. „ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, მსგავსი ისტორიის გამეორება გვინდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაც ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს, ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო“, – განაცხადა ვილი სანიოლმა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმარჯვა და B ლიგაში დაწინაურდა, ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა

საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნის შეფასებისას. „დაგველაპარაკეთ ჩვენ როგორც ზრდასრულ სახელმწიფოს. უნდა გვითხრან, რატომ არის გამჭვირვალობა ევროპის ყველზე დიდი მტერი. საკუთარ ფასეულობებზე გადაბიჯება არის ის, რასაც ევროკავშირის რეალურ ფასეულობასთან კავშირი არ აქვს და რაც არის გარკვეულწილად, ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეციდივები. საქართველო ამ რეციდივების ქვემდებარე არ იქნება. საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

CNN: ჩინეთში, ხალხში ავტომობილი შევარდა – დაღუპულია 35 ადამიანი

ჩინეთში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ჩუხაიში, სპორტულ კომპლექსთან მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსს გარე მოედანი აქვს, სადაც ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშობს. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაიხურა. გავრცელებული ცნობით, 62 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა.

ირაკლი კობახიძე: გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის კაბელები, საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაში

გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action – განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე, როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება, გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები