კვირა, აპრილი 19, 2026

„ჰანიველ პარტნერსი“ ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჰანიველ პარტნერსი“ ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჰანიველ პარტნერსის“ ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის განცხადებაშია აღნიშნული, „იმედიდან“ გასვლის გადაწყვეტილება პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ამასთან, რუხაძე განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

„ამ განცხადებაში შევეცდები, ავხსნა ის რთული და ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა მივიღეთ „ტელე-იმედთან“ („იმედი“) დაკავშირებით. 2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი“. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის“ ყიდვაზე. 2003 წლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის“ ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნესჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.

ამიტომ 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:

1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);

2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (მენეჯმენტის ძლიერ ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.

„იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა, თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. საერთოდ, როგორ შეიძლება, შეადარო ეს ორი პარტია ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, პენიტენციური სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიებს, რომელთა ლიდერებმაც თავიანთი მოსახლეობის თითქმის 10% გაუსაძლისი პირობების ციხეებში გამოკეტეს, არ შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის ხელახლა მართვაზე.

შეიძლება ითქვას, რომ გასული შვიდი-რვა წლის განმავლობაში ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული. ეს კი, როგორც არაერთხელ საჯაროდაც მითქვამს და ზემოთაც აღვნიშნე, მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ, ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნესჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი“ ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.

ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება. ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან „იმედთან“ და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში „იმედმა“ არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. სააკაშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებული დარბევის და მიტაცების შემდეგ, იგი ფენიქსივით აღსდგა უიმედობის ნანგრევებიდან და დღეს ოთხჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სიდიდით შემდეგ კონკურენტს. საქართველოს ტელემაყურებლების ნახევარზე მეტი სწორედ „იმედისგან“ იგებს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამისთვის უღრმესი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს“, – ნათქვამია რუხაძის განცხადებაში.

როგორც რუხაძე აღნიშნავს, „იმედის“ ახალი მფლობელი „პრაიმ მედია გლობალი“ ხდება.

„ჩემი მთავარი სინანულია „იმედის“ თანამშრომლებთან პროფესიული დაშორება (იმედი მაქვს, რომ პირადი მეგობრობები გაგრძელდება). „იმედი“ არ არის აპარატურა, სიხშირე ან ლიცენზია. „იმედი“ არის ხალხი და ამ ხალხის გამო დარჩა ის ყველაზე ძლიერი და სანდო წლების განმავლობაში. იცოდეთ, რომ წარმოუდგენელი პრივილეგია იყო თქვენთან მუშაობა. ძალიან დამაკლდება ჩვენი შეხვედრები, კამათები, საერთო სიხარული და გაბრაზება, ახალი იდეები და პროექტები, გამარჯვებების ზეიმი. ძალიან დამაკლდება ლუბლიანას ქუჩაზე მოსვლა.

არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც, ერთი მხრივ, ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია,  თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში.

წარმატება, მინდა, ვუსურვო მაკას და მის მთელ გუნდს; წარმატება, მინდა, ვუსურვო „იმედის“ ახალ მფლობელს; დაბოლოს, წარმატება, მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვინატრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას გამოჩნდებიან მორალური, გონიერი, თავისი საქმის პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ოპონირების გაწევას „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ევროპული მომავლის მისაღწევად“. აქ „იმედია“!“ – აღნიშნულია რუხაძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დედისგან უარყოფილმა სპლიყვმა პირველი მეგობარი იპოვა

აშშ-ში, სმიტსონის ზოოპარკში, ინდური სპილოს ნაშიერმა ლინ მეიმ პირველი მეგობარი იპოვა. ამის შესახებ The Washingtonian-ი წერს.ლინ მეი გახდა პირველი სპლიყვი, რომელიც ზოოპარკში ბოლო 25 წლის განმავლობაში დაიბადა. ის 2 თებერვალს მოევლინა ქვეყანას. თუმცა მალევე დედამ, ნჰი ლინმა, მასზე უარი თქვა, მსგავსი შემთხვევები სპილოებში იშვიათი არ არის.მიტოვებულ სპლიყვზე ზრუნვა ზოოპარკის თანამშრომლებმა ითავეს. მათ უწევთ ლინ მეიზე დაკვირვება და ყოველ ორ საათში ერთხელ ბოთლით სპეციალური  რძით კვება. „ეს ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი სამუშაოა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“, — აღიარა ზოოპარკის სპილოების მთავარმა კურატორმა რობი კლარკმა.კლარკის თქმით, ლინ მეი უკვე ავლენს თავის ხასიათს. „ის მოუსვენარია. თამამი. თამაშის მოყვარული. ძალიან უყვარს ბანაობა“, - აღწერა მან. მიუხედავად იმისა, რომ სპლიყვმა დედასთან ურთიერთობის დალაგება ვერ მოახერხა, ის სხვა სპილოსთან, 52 წლის სვარნასთან დამეგობრდა. სვარნას არასოდეს ჰყოლია შვილები, თუმცა იცის, როგორ მოექცეს მათ.სპლიყვის ისტორიამ ბევრს იაპონელი პანჩის ამბავი გაახსენა.პატარა იაპონური მაკაკა, ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხუტებოდა ის ძველ, ფუმფულა სათამაშო-მაიმუნს, მას შემდეგ რაც  დედამ მასზე უარი თქვა. პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.მოგვიანებით, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პანჩი ზოოპარკში მცხოვრებ სხვა მაიმუნებს დაუმეგობრდა და გართობის ახალი გზა იპოვა. ორანგუტანგიც ნაკლებად უჭირავს ხელში.

„უოლ სთრით ჯორნალი“ – პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, „ტრამპთაუერ თბილისის“ აშენებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს.„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ის აშენებას გეგმავს.„კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთული ბიზნესისადმი მიდგომა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს“, – წერს გამოცემა.„უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში წერია, რომ დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში.როგორც ცნობილია, პროექტში ასევე მონაწილეობს ნიუ იორკში დაფუძნებული დეველოპერი და ტრამპის ყოფილი პარტნიორი – Sapir Organization-ი.სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპს საქართველოში წლების წინაც სურდა ცათამბჯენის აშენება, თუმცა, სხვა ქვეყნებში დაგეგმილი არაერთი პროექტის მსგავსად, „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის გამო მასზე უარი თქვა“.როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი პროექტი ასევე აცოცხლებს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის უცვლელ ისტორიას.„2012 წელს ტრამპის ორგანიზაციამ გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმები შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში, თუმცა, კომპანიამ უკან დაიხია ამ პროექტიდან და სხვა მრავალი საგარეო გარიგებიდან, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობა”, – წერს გამოცემა.„უოლ სთრით ჯორნალი“ სტატიაში საქართველოს ახასიათებს ქვეყნად, რომელიც ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას და ხელსაყრელი პირობების შექმნით კაპიტალის მოზიდვას.„თავად საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე პოზიციას იკავებს, აბალანსებს რა ურთიერთობებს დასავლეთთან და ამავდროულად თავს ართმევს დაძაბულობას რუსეთთან. ბოლო წლებში ის ასევე ცდილობდა უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციით“, – წერს გამოცემა.როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები – Archi Group-ი და Biograpi Living-ი.

ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ

დღეს მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავენ.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ტროპარიდაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.კონდაკიგამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ – ჩვენი მებრძოლები დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ათდღიან ცეცხლის შეწყვეტას „პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს“.ამასთან, მათი თქმით, შეურაცხმყოფელია, რომ აშშ-მა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, თუმცა ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ მისი მებრძოლები „დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით“, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას.„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია შემდეგი „ხუთი პუნქტის“ შესრულება: აგრესიის სამუდამოდ შეჩერება მთელ ლიბანში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით; ისრაელის მტრის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრებამდე. პატიმრების გათავისუფლება; მცხოვრებლების დაბრუნება თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში ისრაელის საზღვრამდე; ქვეყნის აღდგენა არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერითა და ეროვნული პასუხისმგებლობით.„ჰეზბოლა“ ღიაა ლიბანის ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, მანამდე, „სქაი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

სტუ-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, უფლებამოსილება შეუჩერდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულზე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელია განცხადებას ავრცელებს.სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები