ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკას გამოეხმაურა, თითქოს თავდაცვის ძალები არ მონაწილეობს საერთაშორისო სწავლებებში და შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება შეიარაღებისა და სხვადასხვა საშუალებების შეძენის მხრივ.

შეჯამების სახით მინისტრმა იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების მცირე ჩამონათვალი გააკეთა, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ 2023 წელს განახორციელა.

მხოლოდ 2023 წელს, სამინისტრომ გააფორმა დაახლოებით 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე. ჩვენ ეს კონტრაქტები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან და კომპანიებთან, როგორიცაა ესპანეთი (კომპ. INSTALAZA – ხელის გადასატანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), გერმანია (კომპ. DND – ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), საფრანგეთი და ისრაელი (კომპ. RAFAEL – საჰაერო თავდაცვის სისტემა SPYDER; ADAMS), პოლონეთი (კომპ. „Mesko“ – საზენიტო-სარაკეტო საშუალება), ფინეთი (Lapua; შაშხანების კომპლექტი), ჩეხეთი (კომპ. Excalibur – საარტილერიო სისტემების შეკეთების და ტრენინგის მომსახურება; LOM PRAHA – მფრინავების საწყისი მომზადების კურსი) და სხვა“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმდინარე წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულ და წლის ბოლომდე დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწავლებებში თავდაცვის ძალების მონაწილეობის მხრივ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

„მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ საქართველოში და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო და წლის ბოლომდე მიიღებს, ჯამში, 27 მსხვილმასშტაბიან ეროვნულ და მრავალეროვნულ სწავლებაში. ასევე, გარდა მსხვილმასშტაბიანი ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებებისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა 13 სწავლებას და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 5 მრავალეროვნულ სწავლებაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილი ინფორმაცია ნათლად ადასტურებს თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით გაწეულ ძალისხმევას და მკაფიოდ პასუხობს ცილისმწამებლურ ბრალდებებს.

„მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენების ბოლოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთელ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა ყველას ვალია.

„ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. „წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. პირველიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები. პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ უწყვეტად ეს პროტესტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დიდი რესურსი მათ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. „როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას. ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამმა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან  სამმა აღიარა არჩევნების შედეგები. „ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ენდობა პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლეში წერს. „საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს! 29-ში და შემდგომშიც – ახალ არჩევნებამდე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.  

ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ვარკეთილში, ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

ბოლო სიახლეები