„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის, ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება, მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და აშშ-ის ხალხის ურთიერთსასარგებლოდ, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვისას განაცხადა.
„155 დღეზე მეტია, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის მომავლისა და მათი ერის სულისკვეთების დასაცავად. ისინი გამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ატარებენ ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბანერებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა, ივანიშვილმა, მიიყვანოს მათი ქვეყანა ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე. საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო უილსონმა.
უილსონის თქმით, მისი სამი ვაჟი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ავღანეთსა და ერაყში.
„მე შესაძლებლობა მქონდა, მენახა, რამდენად მამაცები და კომპტენეტურები არიან ქართველი ჯარისკაცები. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. 2020 წელს მოხარული ვიყავი, რომ ვუძღვებოდი სენატის რესპუბლიკელთა კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშს მაშინდელი თავმჯდომარის, ამჟამად სპიკერ მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, რომელშიც მოვუწოდებდით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რესპუბლიკელებმა მაშინვე დაინახეს ამ ბანდიტისა და მისი თანამზრახველების მიერ შექმნილი საფრთხე. „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ უარი თქვეს ამერიკული კომპანიების შემოთავაზებებზე მათი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის და პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ყველა მნიშვნელოვანი სამშენებლო კონტრაქტი, რომელიც 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, გადაეცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ან ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. ეს ბლოკავს ამერიკას შუა დერეფნიდან და ჭრის სახმელეთო წვდომას ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე, რომლებსაც დამატებით სურთ, იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურად ავრცელებს ანტიამერიკულ პროპაგანდას, ადანაშაულებს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს და ძალიან დაფასებულ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს კორუფციაში და „დიფ სტეიტის“ მარიონეტად ყოფნაში“, – განაცხადა ჯო იულსონმა.
მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ მარიონეტი იყო.
„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა: „ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა მიუნხენში: „შეუძლებელია, დემოკრატიული მანდატის მოპოვება თქვენი ოპონენტების ცენზურით ან დაპატიმრებით. ასევე შეუძლებელია ამის მიღწევა თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვის აქვს უფლება, იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი?“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება. მე მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ურთიერთსასარგებლოდ“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.