„ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ჰილსი“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„ჰილსი“ ნიკანდროსის მიერ, სულ მცირე, ერთ-ერთი კონგრესმენისთვის 19 იანვარს გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს, ნიკანდროსის კომპანია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტირების განხორციელებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, მომდევნო ორი წლის ვადაში მოხდეს. წერილი გაგზავნილია სტივ ნიკანდროსი მისი კომპანია TXN Energy Holdings Inc,-ის სახელით. ნიკანდროსის მტკიცებით, „მეგობარი აქტი“ და სხვა მსგავსი კანონპროექტები ზიანს მიაყენებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში.
როგორც „ჰილსი“ აღნიშნავს, კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. თუმცა, ის ამჟამად სენატორ მარკვეინ მულინის მიერ არის დაბლოკილი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სტივ ნიკანდროსს მარკვეინ მულინის კამპანიისთვის დონაციები აქვს გაღებული, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკელი კონგრესმენებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ სექტემბერში, მულინმა „ჰილსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მისი პოზიცია დაკავშირებული არ არის ნიკანდროსთან.
„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მულინი მხარს უჭერდა ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანია „ფრონტერა რესურსებს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავაში. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი შეეცადა, „მეგობარი აქტი“ დაემატებინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გასული წლის მიწურულს, თუმცა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ დაბლოკა“, – ნათქვამია სტატიაში.
„ჰილსი“ ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნიკანდროსის კომპანია „ფრონტერას“ დავა ჰქონდა თბილისთან, კომპანია ირწმუნებოდა, რომ განახორციელა 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოში. კომპანიამ მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტური ხარჯებისთვის და ამავე წლის ივლისში თბილისმა ნება დართო, „ფრონტერას“ განეახლებინა საქმიანობა ქვეყანაში.
„თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩემმა კომპანიამ დიდი ინვესტიციები ჩადო საქართველოს ენერგოსექტორში“, – წერს ნიკანდროსი 19 იანვრით დათარიღებულ წერილში და აქვე აღნიშნავს, რომ ამ წერილს წინ უძღვოდა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრისთვის სექტემბერში გაგზავნილი წერილი, სადაც მადლობას უხდიდა კონგრესმენებს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რომელიც შეწყვეტდა „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას.
„ჰილსი“ აღნიშნავს, რომ კონკრეტული კანონპროექტიც და „მეგობარი აქტიც“ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა დასპონსორებული, რომელსაც მანამდეც გამოუთქვამს შეშფოთება ნიკანდროსთან დაკავშირებით.
„როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ორგანო, რომელსაც აქვს სასამართლოში დაბარების უფლებამოსილება, ვეცდები, მეტი გავიგო ამ პირის საქმიანობის შესახებ“, – წერდა უილსონი სექტემბერში „როიტერისთვის“ გაგზავნილ წერილში.
გამოცემის ინფორმაციით, 19 იანვრის წერილში ნიკანდროსი აკრიტიკებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, რომელიც მხარს უჭერს კანონპროექტს.
„ჰილსი“ ასევე წერს, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ გაუუქმებია ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის არცერთი ქმედება „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ. ქმედებები მოიცავს სანქციებს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივად ჩახშობაში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ“.
„ბაიდენის სხვა ქმედებებს შორის იყო, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობდა თანამშრომლობას დემოკრატიის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კულტურული გაცვლის საკითხებში. ივანიშვილმა, რომელმაც მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა პოსტსაბჭოთა რუსეთში, „ქართულ ოცნებას“ დაავალა მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინული ომის გამო დაწესებული სანქციების შეჩერებით, ქვეყნებს შორის ფრენების განახლებით და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კრემლის კანონმდებლობის კოპირებით“, – წერს „ჰილსი“ და აღნიშნავს, რომ „ტრამპის ადმინისტრაცია ივლისში შეეცადა, აღედგინა ურთიერთობები ივანიშვილთან, რომელმაც უარყო ეს შეთავაზება, რადგან აშშ-ის სანქციები ძალაში რჩებოდა“.
ამასთან მიმდინარე კვირაში, „ჰილსისთვის“ მიწერილ წერილში უილსონმა დაიცვა „მეგობარი აქტი“, როგორც აუცილებლობა ტრამპის ძალისხმევის გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
„ისტორიული მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის თავის ანტიამერიკულ ქცევას“, – განაცხადა უილსონმა.
ამასთან, სტატიის მიხედვით, „კონგრესმენები, რომლებიც საქართველოზე არიან ფოკუსირებული, მმართველ პარტიას ქვეყნის ისტორიაში „ბნელი ეტაპის“ შემოღებისთვის აკრიტიკებენ“. ნიკანდროსი კი ბაიდენს ადანაშაულებს თბილისთან უთანხმოებაში და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს როგორც „კონსერვატიული“ მოძრაობის მოკავშირეს. „ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წლის განმავლობაში, ლიბერალური/პროგრესული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებებმა, საქართველოს სუვერენულ, კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აშშ-საქართველოს მჭიდრო, ხანგრძლივ ურთიერთობებს“, – წერს ის.
„ჰილსის“ მიხედვით, ნიკანდროსი წერილს თან ურთავს ექვსგვერდიან „ანალიტიკურ ფრაგმენტს“, რომელსაც, მისი აზრით, შესაძლოა, წერილის ადრესატი კონგრესმენი დაეყრდნონ. წერილში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ „არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“. „ჰილსის“ სტატიის მიხედვით, ის „ასევე იცავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კრემლისგან ინიციირებულ კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც სჯის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ნიკანდროსი ასევე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არის ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირე და იმსახურებს მხარდაჭერას“.

