ამერიკელი კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილს და ადმინისტრაციის მომავალ წევრებს გააცნო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსისთვის წარმედგინა. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც ამდენ სიკეთეს აკეთებენ მსოფლიოში“, – დაწერა უილსონმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც უილსონი წერს, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აშშ-ის მომავალ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს, მარკო რუბიოსა და პიტ ჰეგსეტსაც.
„დიდებული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის და მომავალი თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეხვედრის ორგანიზება. „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ბრუნდება ამერიკაში“, – წერს უილსონი შეხვედრის შესახებ.
„მადლიერი ვარ, რომ შევძელი ორი დიდი პატრიოტის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრის ორგანიზება აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“, – წერს უილსონი შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.