რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა კუშნერმა.
მისი თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის განახლება აუცილებელია.
„ამერიკის გადმოსახედიდან, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, ამის განსახილველად პრეზიდენტი ტრამპი მზად არის. თუმცა, ცხადია, ეს აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ასევე, უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს“, – აღნიშნა კუშნერმა.
ასევე, კუშნერის განცხადებით, ტრამპი ჩინეთიდან იმ განწყობით ბრუნდება, რომ უკრაინაში „მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.
„ჩვენთვის წარმატებული შედეგი ომის დასრულების შემდეგ სუვერენული, დაცული, აყვავებული და თავისუფალი უკრაინის არსებობა იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

