ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ცირკულირებით მიღწეული კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია მიუღებელია.
„იმუნიტეტის მიღწევა ადამიანიების ვირუსისგან დაცვით ხდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში კოლექტიური იმუნიტეტი არასდროს ყოფილა გამოყენებული, როგორც ინფექციის აფეთქებაზე რეაგირების სტრატეგია. ეს პრობლემატურია, როგორც სამეცნიერო, ასევე ეთიკური კუთხითაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ადამიანებს შორის კორონავირუსის უკონტროლო ცირკულირება არასაჭირო ინფიცირებას, ტანჯვასა და სიკვდილს გამოიწვევდა.
„ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ როგორი გრძელვადიანი გავლენა აქვს კორონავირუსს ადამიანებზე. ამ ვირუსისთვის თავისუფლად ცირკულირების უფლების მიცემა არაეთიკურია. ეს ჩვენი არჩევანი არ არის“, – დასძინა ჯანმოს ხელმძღვანელმა.