ხვიჩა კვარაცხელიას ახალმა გუნდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა. მატჩს ხვიჩა თვალს მეუღლესთან ერთად ტრიბინებიდან ადევნებდა.
მთავარი ევროპული ტურნირის მე-7 ტურამდე ფრანგული კლუბს 7 ქულა ჰქონდა, „მანჩესტერ სიტის“ კი – 8 და პლეი ოფში გასასვლელად ორივეს მხოლოდ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისელებმა მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყეს და ჯეკ გრილიშის (50) და ერლინგ ჰალანდის (53) გოლებით დაწინაურდნენ.
პარიზელებმა რთულ ვითარებაში თამაშის შემოტრიალება და წონასწორობის აღდგენა ძალიან სწრაფად, ზუსტად 8 წუთში შეძლეს. ბრედლი ბარკოლას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ინგლისელების კარი ჯერ უსმან დემბელემ (56) აიღო, შემდეგ თავი თავად ბარკოლამ (61) გამოიჩინა. 78-ე წუთზე ფრანგები წინ ჟოაო ნევეშმა გაიყვანა, 90+4 წუთზე კი საბოლოო ანგარიში გონსალო რამოშმა დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გამართული 7 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 10 ქულა დააგროვა და პლეი ოფში გამსვლელ 24-გუნდიან ჯგუფშია. დარჩენილია ერთი ტური.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პარიზელების ევროგანაცხადში არ იყო, რადგან ძირითად ეტაპზე თამაშის უფლებას ფეხბურთელი მხოლოდ ამ ეტაპის დაწყებამდე შევსებული განაცხადის მიხედვით იღებდა. იმ დროისთვის კი ხვიჩა „ნაპოლიში“ თამაშობდა. შესაბამისად, ის ვერც 29 იანვარს „შტუტგარტთან“ გასვლაზე ითამაშებს. მაგრამ ხვიჩა იქნება 25 იანვარს დაგეგმილ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში, რომელსაც პარიზელები „რეიმსთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.