მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ ჟერმენმა“ „სიეტლ სონდერსი“ 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა. ტურნირზე კი პირველად „მილანის“ ფორმით კახა კალაძემ ითამაშა (2007 წელს) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფრანგული გუნდი, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად, ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფდა და პლეი იფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.
კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ „სიეტლ სონდერსის“ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და პარიზელების შეტევებს იგერიებდნენ.
თუმცა ხვიჩამ 35-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა და ეს კურიოზულ ვითარებაში მოახერხა – კუთხურის შემდეგ ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა.
64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, სამ წუთში კი აშრაფ ჰაკიმიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ პარიზელებმა 2:0 მოიგეს.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. შედეგად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.