13 ივლისს აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი-სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.
ფინალის საგზური „პსჟ“-მ “რეალთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა. თამაში ანგარიშით 4:0 დასრულდა. მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, კარში ოთხჯერ სცადა დარტყმა, თუმცა ორჯერ ბურთი არასწორი მიმართულებით წავიდა, ორჯერ კი „რეალის“ მცველებმა ბურთის მოგერიება შეძლეს.
ტურნირის ფინალი, სადაც „პსჟ“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება,13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე კვლავ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.
ქართველი შემტევისთვის ეს მატჩები ისტორიულია. ამ განსაკუთრებულ პერიოდში კი აშშ-ში მასთან ერთად მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც იმყოფება. ეს ფაქტი გასაკვირი არ იქნება, თუკი გადავხედავთ კვარაცხელიას კარიერას – ნიცა თავაძეს ტრიბუნაზე ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის დროს შენიშნავთ – ის ყოველთვის მეუღლის გვერდითაა და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ნიცა და ხვიჩა აშშ-ში დროს ასევე „პსჟ“-ის ფეხბურთელთან, რუს მატვეი საფონოვსა და მის მეუღლესთან ერთად ატარებენ. მეგობრები თაიმს ქსუერზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებენ.