ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026

ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის სანქციების ჩამონათვალი ცნობილია

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით,მთავრობა ხე–ტყის უკანონო ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. გამკაცრდება სანქციები კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ამავდროულად, ,,წითელი ნუსხის“ სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს; სახერხი საამქროს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების გავლის გარეშე მოწყობისათვის ასევე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ პირს ანალოგიური ქმედებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი უკვე აქვს.

გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების მოსპობისა და დაზიანებისათვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ბრაკონიერობის წინააღმდეგ ღონისძიების გატარებას, კერძოდ, თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება გარკვეული ვადით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ლევან დავითაშვილისგან მოისმინეს.

„უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ როგორც ხე-ტყის უკანონო ჭრას, ისე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც გარემოს აზიანებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს უდიდესი ფუნქცია აკისრია. ცვლილებები, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეხმარება ყოველდღიურ აღსრულების პროცესში. გამკაცრებული სანქციების ამოქმედება უფრო ეფექტიანს გახდის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოში 41 საშტატო ერთეულია. რეგიონული სამმართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებას აკონტროლებს; გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები კი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.„კომუნიკაციების კომისიამდე, იგი ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

ფინანსთა სამინისტრო – საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება

საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე – კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.მათივე ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო ოთხ წელიწადში.ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.„გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ – 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საქართველო უფრო აქტიური იქნება მომავალში არა მხოლოდ ევროობლიგაციების, არამედ სხვა ბაზრებზეც“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.ინვესტორებთან შეხვედრების დროს მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.„მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვიქტორ ყიფიანის თანაგუნდელი გიორგი ანთაძე: ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა

"ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა, რუსეთის სმუტა გვინდა", - წერს "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ოპოზიციონერი გიორგი ანთაძე სოციალურ ქსელში.როგორც ანთაძე აღნიშნავს, ირანში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, რუსეთი აუცილებლად ეცდება, კიდევ უფრო აგრესიული იყოს საქართველოს მიმართ მოთხოვნებში, რომ ამ გზით რეგიონი გადაკეტოს."გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება იქნება არა ფასადური, არამედ პრინციპულად განსხვავებული, ეს გამოიწვევს ღერძის დანარჩენი ძალების უკურეაქცუას - რუსეთის და ჩინეთის. რუსეთი აუცილებლად ეცდება და უნდა ეცადოს ასეთ დროს, მისი გადმოსახედიდან, კიდევ უფრო აგრესიული იყოს საქართველოს მიმართ მოთხოვნებში, რომ რეგიონი გადაკეტოს ამ გზით. იქნება ამაზე რამე გარიგება იგივე ამერიკასთან თუ არა, მეორე საკითხია გავლენის სფეროზეა საუბარი.. მით უმეტეს ტრიპის პროექტის რეალიზაცია და თურქული გავლენის ზრდის პირობებში. არ დაგავიწყდეთ მთელი ირანის ჩრდილოეთი აზერბაიჯანულია ეთნიკურად. ხოდა საჭადრაკო დაფა ამბობს, რომ თუ ამერიკა არაა თანმიმდევრული დემოკრატიის დაცვაში, რაც ალბათ ასეა, მაშინ ირანში რეჟიმის ცვლილება აიძულებს მეორე მხარეს დაფის სხვა უჯრედებში იმოქმედოს უფრო ხისტად. მაგალითად საქართველოში. ამიტომ ველოდოთ უარესს. მე ასე ვხედავ", - წერს ანთაძე.

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში, Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ფრანკფურტის პროკურატურამ განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ ფრანკფურტსა და ბერლინში Deutsche Bank-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც „როიტერი“ წერს, გერმანიის უმსხვილეს ბანკში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფულის გათეთრების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, რამაც გამოიწვია მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მკაცრი შემოწმება, ჯარიმები და პოლიციის რეიდები. პროკურორების თქმით, გამოძიება ეხება ბანკის თანამშრომლებს.როგორც „როიტერს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, საქმე ეხება 2013-2018 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. თავად Deutsche Bank-მა დაადასტურა ჩხრეკა, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა.„ბანკი სრულად თანამშრომლობს პროკურატურის ოფისთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები