სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ.
„სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან.
რიტორიკის დონეზეც არ დაუჭერიათ ხამენეისთვის მხარი. შაბათს დილას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა ზრდილობიანად მოიცილა ტელეფონით საუბრის დროს. ასევე, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, თავხედი რუსები გასუსულები ისხდნენ და მხოლოდ რამდენიმე წინადადება წამოიკნავლეს.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება – ღალატობენ.
არ არსებობს მულტიპოლარული სამყარო, თუ შენს გავლენის ცენტრს ვერ იცავ.
„ქოცების“ ბოდვაც გავიხსენოთ, მრავალვექტორიზმით აჟიტირებულები ირანში და აშხაბადში რომ ჩავარდნენ.
ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. მულტიპოლარულ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს“,- წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დარტყმები განხორციელდა. დადასტურებულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა რეჟიმის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად. იმავე დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითშიც. პირველ მარტს, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებდა და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებდა. ასევე, ირანული მედია თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის დაღუპვას ადასტურებს. ბოლო ინფორმაციის თანახმად, Reuters-ის ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ისრაელში ირანის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 121 ადამიანი.
კვირას, 1-ელ მარტს ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო.

