პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ხატია დეკანოიძე: არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება, ყალბდება მანამდე

არჩევნები  მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება, ყალბდება მანამდე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„არჩევნების დღეს არ ყალბდება მხოლოდ არჩევნები, არჩევნები ყალბდება მანამდე, ჩარევა ხდება მანამდე. იგივე სკოლის დირექტორების საკითხი, რესურსცენტრების კონკურსის საკითხი, რომელზეც არავინ საუბრობს. ყველა რესურსცენტრში გამოცხადებულია კონკურსი, ახალი ნომენკლატურის დანიშვნა უნდათ. ამიტომ, ეს პროცესიც მიმაჩნია, რომ არის მართლაც მოპოვება ერთ-ერთი მტკიცებულების.

თუ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდება, მარტივად რომ ვთქვათ, ამას არავინ ცნობს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის” ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო ბოუჯეტიდან დაფინანსების მიღებას ჟურნალისტებთან აფასებს. პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის სცენარით მოქმედებს. „2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ.“- განაცხადა სოზარ სუბარმა და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის შეკრებისთანავე, განიხილონ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მანდატების შეჩერებაზე, დააყენონ საკითხი განხილვაზე და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან. „კოლექტიური ნაცმოძრაობა 2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ. და არა მხოლოდ შემოვიდნენ, არამედ თვეების განმავლობაში იხვეწებოდნენ, რომ ის განაცდური, რამდენიმე თვის ხელფასები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ აღებული, დარიცხოდათ. ზუსტად იმავე გზით მიდიან ახლაც. 2020 წლის შემთხვევა რომ არ განმეორდეს, კატეგორიულად მოვითხოვ "ქართული ოცნებისგან"- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე იმ პარტიების განცხადებები, რომელთაც მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართეს პარლამენტს და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან,“- განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით,  26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,  „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ოპოზიციურ ფლანგს შორის დაპირისპირებას ეხმიანება. როგორც ანანიძე აღნიშნავს, განხეთქილება ოპოზიციის მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. "რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა", - წერს ცოტნე ანანიძე. ინფორმაციისთვის, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, "გახარია საქართველოსთვის“, "ლელო საქართველოსთვის“, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი: რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს და სკანდირებას დაიწყებ “ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია”, არ მგონია, პატიოსანი საქციელი

მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე  პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ "ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია", არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია "ლორგოს" პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ჯამში 50 000 000 ლარის.   ,,საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია "ლორგოს" პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ჯამში 50 000 000 ლარის. იმისთვის რომ მას მრავალმილიონიანი ვაჭრობა ჰქონოდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავუწესეთ რუსეთს სანქციები. იმისთვის რომ მისი მრავალმილიონიანი ვაჭრობა კიდევ უფრო სწრაფი ყოფილიყო, ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავკეტეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან. და კარგიც ვქენით, იმიტომ რომ ვმოქმედებდით ქართველი ხალხის და ქართული ბიზნესის ინტერესით და არა სხვების პოლიტიკური თუ სამხედრო დღის წესრიგით, რომელშიც ქართველი ხალხი მხოლოდ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია. ღმერთმა შეარგოს ყველას პატიოსნად მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის ბიზნეს რეკეტიორის დაძახილზე  პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ "ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია", არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ...

ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. „ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს – ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს. „ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა – ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა. „დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იაგო ხვიჩია – ვინც არ აიღო საბიუჯეტო ფული, სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი მგონი, მანდატებზე...

კი, ჩვენ დღესაც ამ აზრზე ვართ, – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო ეთერის წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა „გირჩი“ დღეს იგივე პოზიციაზე, როგორც ადრე განაცხადა, რომ არ აიღონ საბიუჯეტო დაფინანსება, თუ ბარიერ გადალახული ოთხი პარტია დაფინანსების მიღებაზე უარს იტყვის და დაწერენ, რომ არ იღებენ ფულს და არ ცნობენ არჩევნებს. „ჩვენ ამას ვსაუბრობდით, თუ მიდიხართ ბოიკოტზე, ზოგადად, ბოიკოტი არის ასეთი. მარტო ეს არ არის მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა ბოიკოტისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი ასევე არის, მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ თავიდანვე ნაკლებად გვჯეროდა, რომ ასეთი რაღაც აქ იქნებოდა მიღწეული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს შედეგიც დადგა“, – განაცხადა ხვიჩიამ. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩი“ საბიუჯეტო თანხას არც იღებს. „ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პირადად არც ვიღებთ საბიუჯეტო ფულს. „გირჩის“ აქციონერებზე თანაბრად ნაწილდება, ზოგი გვწირავს და ზოგს გააქვს ეს ფული საერთოდ, მაგრამ ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში გვქონდა აღებული რაღაცნაირად თანხმობა ამ ჩვენი აქციონერებისგან, რომ უარი გვეთქვა მთლიანად ამ პროცესზე, თუ დანარჩენებიც უარს იტყოდნენ. დანარჩენ შემთხვევაში დავინახეთ, რომ ნიკა გვარამიამ დარწმუნებული ვარ, იმ თანხებიდან დააზღვია ეს ფული, რომელიც ზუსტად ისე იშოვა, როგორც წინასაარჩევნოდ რამდენიმე, შეიძლება, ათეული მილიონიც იშოვა. შესაბამისად, მე მგონი, ყველაფერი ცხადია. ვინც არ აიღო ეს ფული, არ აიღო იმის გამო, რომ სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი არც აპირებენ უარის თქმას. მე მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ. ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ბოლო სიახლეები