ძალიან მიხარია, რომ ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.
ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა.
ცოტნე ივანიშვილის თქმით, განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება ძალიან უნდა ფასდებოდეს.
„პირველ რიგში, მინდა, ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ზოგადად, ქართველები ძალიან ნიჭიერი ვართ და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და მომავლის მშენებლობის სურვილი, მოტივაცია ძალიან უნდა ფასდებოდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებული ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვას. ჩემ გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც ძალიან მოტივირებულია, ბევრს შრომობს საკუთარი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს, რადგან ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.

