სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.
„კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.
„როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”.
„როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა“ – წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.