ვარკეთილი, ე.წ. დამპალოს სასაფლაო – “კურიერმა” ის ადგილი გადაიღო, სადაც რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 50 წლის მამაკაცი აიყვანეს.
“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებული გელა უძილაურია, პოლიციამ ჯანგველაძის სავარაუდო მკვლელი იმ დროს დააკავა, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გელა უძილაურმა, 15 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილზე მოკლა. დაიჭრა ერთი პირი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა შემთხვევიდან მალევე დაადგინეს.
გელა უძილაური ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მას სამართალდამცველები კითხავენ.
მკვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე 15 მარტს, 23 საათზე მოხდა – შემთხვევიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული იყო ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან ჯანგველაძე თბილისში, ახლობლის პანაშვიდზე იყო ჩამოსული.