პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათ საჯაროდ წარმართეს ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები; ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად, და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია.

პირველ რიგში, გვინდა შეგახსენოთ, რომ თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა:

ეს ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის თაობაზე, ისე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად, სწორედ მათი ხელმოწერებით დადასტურდა კიდეც შემაჯამებელ ოქმებში.

დეტალურად იხილეთ სტატისტიკა, თუ რამდენი განსხვავებული აზრი, რამდენი შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში:

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 65 000-ზე მეტი წევრიდან მხოლოდ 8-მ. შეგახსენებთ, რომ შედგა 11 159 შემაჯამებელი ოქმი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შედგა შესწორების ოქმები: სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან დაკავშირებით – 275, ბათილ ბიულეტენებთან მიმართებაში – 66, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით – 42, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე – 138 და ამომრჩეველთა აქტივობაზე – 41. ასევე, ახსნა-განმარტებები შეეხებოდა: რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებას – 176, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროს – 292, შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითებას – 123, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენას – 68, შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას – 61, შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას – 55 და სხვადასხვა მიზეზით 235.

ამასთან განვმარტავთ, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი შესაძლოა ხმას აძლევდეს არჩევნების მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, ან მერისა და პროპორციულ ნაწილში. აქედან გამომდინარე, ასეთი ამომრჩეველი ვერ მიიღებდა სამივე სახის ბიულეტენს, ვინაიდან არ მონაწილეობდა მაჟორიტარულ, ან მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში.

ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში შეადგენდა (პენიტენციური დაწესებულებები და მიმაგრებული უბნები) 6 247-ს, თუმცა მათგან მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 5 350-ს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 356-ს. შედარებისთვის, 2020 წელს სპეციალურ სიაში იყო 9 797 ამომრჩეველი. პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 3 712-ს, მერის არჩევნებში – 148-ს, ხოლო ადგილობრივი მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება – 28-ს.
2021 წლის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად შეადგენდა 63 112-ს (2020 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 45 905 წევრს). სპეციალურ სიებში შეყვანილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან (საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) რეგისტრირებული იყო 25 495 ამომრჩეველი, მათგან მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობა მიიღო 10 526-მა ამომრჩეველმა.

შედარებისთვის, 2020 წლის არჩევნებზე სპეციალურ სიებში იყო 23 114. პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით ბიულეტენი ეკუთვნოდა 17 497-ს, მერის არჩევნებში – 225-ს, ხოლო ადგილობრივი მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება – 1 176-ს.

იმ დეტალურ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც წარმოგიდგინეთ, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ე.წ. დისბალანსი (საარჩევნო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან მიმართებით), ბუნებრივი მიზეზების გამო, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ისე თითოეული პროცედურის გათვალისწინებით:

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში აკეთებს მხოლოდ ერთ ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომელი სახის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მას და რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა მასზე. შესაბამისად, მისი ხელმოწერა სამივე სახის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში აისახება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში.

კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამივე სახის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა ამომრჩეველს არ ჰქონია. მაგალითად, როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები; სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, პატიმრობაში მყოფი პირები, ამომრჩევლები, რომლებიც წვანან სამკურნალო დაწესებულებებში) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ აქვთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ ან/და მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ამომრჩეველზე არ გაიცემა შესაბამისი არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი, რაც კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას თავისთავად გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობრივ ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ჯამთან მიმართებით.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების დისბალანსი (საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის მეტობა ან ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით) შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივად შემდეგ შემთხვევებში:

  • სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, რაც გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობას (აღნიშნული კი, ხმების დაჯამებისას გამოიწვევს როგორც საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას, ასევე მეტობას ხელმოწერების ჯამთან მიმართებით, იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველზე არ გაცემულა შესაბამისი სახის საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც უნდა გაცემულიყო და ზედმეტად გაიცა შესაბამისი სახის საარჩევნო ბიულეტენი);
  • რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველზე არ იყო გაცემული შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით;
  • რეგისტრატორ კომისიის წევრს ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში გამორჩა ხელმოწერების გაკეთება, ისე გასცა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი/საარჩევნო ბიულეტენები; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების მეტობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან;
  • ამომრჩეველზე გაიცა საარჩევნო ბიულეტენი, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ ამომრჩეველმა აღარ მიიღო მონაწილეობა არცერთ ან რომელიმე სახის არჩევნებში (არ შეავსო საარჩევნო ბიულეტენი ან არ მოათავსა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები საარჩევნო ყუთში).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ჰყავდათ წარმოდგენილი კანდიდატები. მაგალითად, თბილისში 31 საარჩევნო სუბიექტს მაჟორიტარობის მხოლოდ 12, ხოლო მერობის 16 კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი. სავარაუდოა, რომ იმ საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლები, რომლებსაც არ ჰყავდათ ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატი, არჩევანს აკეთებდნენ მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, დანარჩენ შემთხვევაში კი საარჩევნო ბიულეტენში არ ხაზავდნენ არც ერთ კანდიდატს, რადგან ამ ბიულეტენებში მათთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი არ იყო წარმოდგენილი. ეს რეალობა კი ბუნებრივად იწვევდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ზრდას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლებთან.მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე, უკრაინა მდგრადობის უზრუნველყოფაზე მუშაობს.„უკვე ვაშინგტონში ვარ. დღეს შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან – მძლავრი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – და ჩვენ ველოდებით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელსაც წარმატებით მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე „ჰამასი“ ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი „ტომაჰავკების“ შესახებ გაიგებს. მშვიდობისა და საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს – და უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე დავიცვათ ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება.საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის...

ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტში ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, შესაბამისად, პროფესორების კვალიფიკაციაც თანაბარი უნდა იყოს ყველგან.„დღეს სხვა ვითარება გვაქვს. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო უნივერსიტეტები, მაგრამ ერთ უნივერსიტეტში პროფესორების კვალიფიკაცია არის გარკვეული დონის, მეორეში არის ამაზე დაბალი, მესამეში ამაზე დაბალი და მეოთხეში ამაზე დაბალი, თბილისშიც კი, რეალურად ასეა. ამ დროს სახელმწიფო არის პასუხისმგებელი მის მიერ გაცემული დიპლომის ხარისხზე. ხარისხში იგულისხმება, რომ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორმა უნდა გასწავლოს, სხვანაირად მაღალი ხარისხის განათლებას ვერ მიიღებ. სახელმძღვანელოები უნდა გქონდეს, სასწავლო პროგრამას უნდა ჰქონდეს თავისი სტანდარტი და ა.შ. არაფერი არ არის დღეს უზრუნველყოფილი, მათ შორის რეგიონული კუთხითაც.რეგიონებში არის ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალი ხარისხის განათლება უზრუნველყოფილი, ვიდრე დავუშვათ დედაქალაქში მოქმედ რომელიმე უნივერსიტეტში კონკრეტულ ფაკულტეტზე. ამ დროს სტანდარტი რა არის, მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ. გერმანიაში არის უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ ქალაქში არის სტანდარტულად ერთი უნივერსიტეტი, გამონაკლისია ბერლინი. ისტორიიდან გამომდინარე, ორი უნივერსიტეტია, სხვა ყველგან არის ერთი უნივერსიტეტი. გარკვეული მეტ-ნაკლებობა ყველგან არის, მაგრამ ყველა უნივერსიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 უნივერსიტეტი მაინც არის, ყველგან არის უზრუნველყოფილი თანაბარი ხარისხის განათლება. რაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, იმას აკეთებს. გინდა, მიუნხენში ისწავლე და გინდა ლიუბეკში, მნიშვნელობა არ აქვს, ხარისხი არის მეტ-ნაკლებად ერთი. ეს უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.ასმაგი სხვაობა შეიძლება იყოს ხარისხებს შორის დღევანდელი მოცემულობით სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, ზოგან ორმაგი, ზოგან სამმაგი და ა.შ. უნდა მოხდეს ხარისხის გათანაბრება, კვალიფიკაციაც პროფესორების უნდა იყოს თანაბარი, პროგრამები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის, სახელმძღვანელოები და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს.„ჩვენ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გვქონდა კონსულტაციები იურიდიული მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 23 საგანი გამოვიდა ძირითადი, რაც უნდა გაიაროს სტუდენტმა და ამის მიღმა რჩება შესაძლებლობა, რომ დამატებით არჩევითი 10-მდე საგანი აიღოს, რომელსაც გაივლის და ამით სპეციალიზაციას უზრუნველყოფს. რეალურად, სავსებით საკმარისია სამი წელი იმისათვის, რომ ამ საბაკალავრო, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი.მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს. მაგისტრატურა დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება. კონკრეტული ამოცანები უნდა ჰქონდეს მაგისტრატურასაც, აკადემიური წერა და სხვა უნარების განვითარება. ამაზე უნდა იყოს აგებული მთლიანად ეს სისტემა. 3+1-ს აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია ყველა მიმართულებით, ოპტიმიზაცია, ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი. როდესაც 4+2-დან გადადიხარ 3+1-ზე ამით 25%-ით უზრუნველყოფ ხარჯების ეკონომიას, რესურსები სხვანაირად შეგიძლია გადაანაწილო.მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის, დაახლოებით 30 ათასი სტუდენტი აბარებს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. 30 ათასით მეტი დაემატება შრომით ბაზარს, რაც ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ბევრი მიმართულება გვაქვს ჩვენ, სადაც დღეს არის კადრების დეფიციტი. ჩათვალეთ, რომ 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონი საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო.როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინმა მას ახლო აღმოსავლეთში მიღწეული წარმატება მიულოცა. ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ჩართულობისთვის.როგორც ტრამპი აღნიშნავს, საუბარი ასევე შეეხო ამერიკასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.„დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს, როდესაც უკრაინასთან ომი დასრულდება. სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს, სხვა პირებთან ერთად, უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი უნდა განისაზღვროს“, – წერს ტრამპი.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შეხვდებიან.„შემდეგ მე და პრეზიდენტი პუტინი შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა დავასრულოთ ეს „უსახელო“ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, ხვალ ზელენსკისთან შეხვედრა ექნება თეთრ სახლში, სადაც განიხილავს პრეზიდენტ პუტინთან საუბარს და სხვა საკითხებს.„მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები