ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა, ეს ორი ერთად მუშაობს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, უნდა მოხდეს მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია.
„სანქციები მხოლოდ დასაწყისია, მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა საქართველოს მეგობრებთან ევროპაში. ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან. პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ბევრი მეგობარი.
ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა, ეს ორი ერთად მუშაობს. ბრიტანული სანქციები გვაჩვენებს, რომ რეჟიმის მოძალადეები ვეღარ დაიმალებიან, კაიმანი, ბერმუდა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები მათი უსაფრთხო თავშესაფარი აღარ იქნება.
ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა, ვინც ხალხზე იძალადა, სრულ იზოლაციაში მოექცეს ფინანსურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად. საქართველოს მომავალი ვერ იქნება მოძალადე რეჟიმის მძევალი“, – განაცხადა ვაშაძემ.