შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით 2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. ამის შესახებ სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წელს 6 550-მა აბიტურიენტმა მიიღო გრანტი.
„აქედან 100%-იანი დაფინანსება ათასზე მეტმა, 1500-მა 70%-იანი დაფინანსება, ხოლო 4000-ზე მეტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. ჩარიცხვების თვალსაზრისით წინა წლებს თუ შევადარებთ, წელს შედარებით უკეთესი სიტუაციაა. თუ შარშან რეგისტრირებული აბიტურიენტების 71% გახდა სტუდენტი, წელს სწავლის გაგრძელების უფლება 75%-მა მოიპოვა.
ყოველ წელს არის აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ საგანში არ არიან ჩაჭრილები, თუმცა იმის გამო რომ ან არ აირჩეს პროგრამები ან რამდენიმე პროგრამა აირჩეს სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო და ვერ მოხვდნენ, პროცესის მიღმა დარჩნენ – წელს ასეთი აბიტურიენტი 500-მდეა.
ფიზიკასა და გეოგრაფიაში – ამ ორ არასავალდებულო საგანში იყო ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.