ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა
ელენე ხოშტარია – დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის
დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, პროტესტში სულ ძალიან აქტიური იყო და იქნება.„დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი. დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა. ბოლომდე“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
კახა კალაძე – ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო
შეგვიძლია, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებას ოპოზიციის ცალკეული ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.მისი თქმით, ეს არ არის ოპოზიციასთან ანგარიშსწორება, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.„როდესაც ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას და წარმოადგენ შენს ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. შეგვიძლია, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით.ძალიან მძიმეა. რა შუაშია ანგარიშსწორება ოპოზიციასთან? პარლამენტში კომისია იყო შექმნილი, განისაზღვრა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლო და ამ ქვეყნის მომავალი. კიდევ ვიმეორებ, როდესაც გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი და წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს. შესაბამისად, ასეთი აგენტებისა და უსამშობლო ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა გვარამია – ცოტაც, ოლიგარქია უნდა დაემხოს, გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო
გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთიანი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია აღნიშნავს, პოლიტპატიმრების მორალური უპირატესობის წნეხმა სრულიად დაუკარგა „ქართულ ოცნებას“ რაციონალური მოქმედების უნარი.„ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა ქოცები და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი“ დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა ყოველ დღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს.ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს!პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო“, – წერს ნიკა გვარამია.საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, დანიელმა ექსპერტებმა სემინარი ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24; Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, დანიური კომპანია iMotions-ის წარმომადგენლებმა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ახლად დაფუძნებულ „გაყიდვების ლაბორატორიაში“ ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სემინარის მიზანი იყო თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებასა და ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება, რომლებიც “გაყიდვების ლაბორატორიის” (Sales Lab) მუშაობაში არიან ჩართულნი. ტრენინგ-სემინარის ჩატარებას ორგანიზება სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა გაუწიეს.სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას განმარტებით, iMotions-ის მენტორთა სემინარები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სესიებს და მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ექსპერტებად მომზადებას - სამომავლოდ iMotions-ის პლატფორმის მეშვეობით პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. როგორც ბორის გითოლენდია აღნიშნავს, ტრენინგ-სემინარს სტუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ კოლეგები ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.დეკანის განცხადებით, დანიური iMotions-ი მსოფლიო მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა და სტუ-ის ახლად გახსნილი „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების საუნივერსიტეტო პლატფორმაა, მთლიანად აღჭურვილია დანიური კომპანიის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით.„თავისი ტექნიკისა და ონლაინ აპლიკაციების საშუალებით, iMotions-ი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, დავამუშაოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები ერთ პლატფორმაზე. მეცნიერებით მხარდაჭერილი ეს მულტიმოდალური პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი ბაზარზე არსებულ მონაცემთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს, სწორედ iMotions-ის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი. ეს არის უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს გაზომვით პარამეტრებსა და დიდ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სხვადასხვა მასშტაბისა და პროფილის მარკეტინგული კვლევები. გარდა ამისა, ლაბორატორია მთლიანად იქნება ჩართული საგანმანათლებლო პროცესსა და საუნივერსიტეტო კვლევებში. საგულისხმოა, რომ „გაყიდვების ლაბორატორია“ მოემსახურება ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს B2B და B2C სწავლების მიმართულებებს. პროექტ LISS24-ის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგ-სემინარი ხელს შეუწყობს ლაბორატორიის სრული დატვირთვით ამოქმედებას და შესაბამისად, საუნივერსიტეტო სივრცეში მაღალკონკურენტული ახალგაზრდა კადრების მომზადებას,“ - ამბობს ბორის გითოლენდია.სტუ-ის ინფორმაციით, LISS24-ი ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანიც საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები. სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://liss24-am.liss24.com/
კახა კალაძე: ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა
საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას გულშემატკივრობენ მთავარი დაპირებების შესრულებაში, რაც გულისხმობს „დიფ სთეითის“ დამარცხებასა და უკრაინაში ომის დასრულებას.„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც აირჩიეს, ჩვენ გავიზიარეთ ის ნარატივი, რაზეც ის საუბრობდა – „დიფ სთეითს“ დაამარცხებდა და უკრაინაში ომს დაასრულებდა. ჩვენ ველოდებით, ვაკვირდებით. როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ჩვენც ვიგრძნობთ ამას. არავის ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. როდესაც დაფინანსებებზე ვსაუბრობდით, მაგალითად, გახსოვთ, USAID აფინანსებდა, 2020 წელს კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რეალურად თვითონ გააყალბეს ეს კვლევები. ვისგან იყო ეს დაფინანსება წამოსული. იგივენაირად იყო ჩართული „ნედი“, ოღონდ აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, მეგობრობა, რაც ორმხრივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გასაახლებლად, თუმცა არ დაუშვებს იმ მუქარებსა და განცხადებებს, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში საქარეთველოსადმი კეთდებოდა.„რამდენიმე თვის წინ, თუნდაც ტრამპი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი ვამბობდით, რომ თანხები შემოდის უცხოეთიდან, ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, ხმარდება შიდაპოლიტიკურ საქმიანობას, რევოლუციების მოწყობას. ამაზე ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვტყუოდით. შემდეგ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ღიად ისაუბრა იმაზე, რასაც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ უთხრა მსოფლიოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეს ორგანიზაციები თანხებს აგზავნიდნენ სახელმწიფო გადატრიალებები რომ მოხმდარიყო. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ურთიერთობების გადახედვა. წინა ადმინისტრაციის პერიოდში რა მუქარებსაც ვისმენდით, მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და მოიპოვეს თავისუფლება, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ვყოფილიყავით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.


