ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს შორის ელექტროშემდუღებლებიც არიან

22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ.

2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ – გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს – ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს – ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის – ლ. ჭ.-სთვის.

ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს – გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს – ბ. მ.-ს.

2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

„გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა – ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ – ის საქმეთა მწარმოებელმა – ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „გრინსერვის +“-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მშენექსპერტთან“.

შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორმა – ნ. ქ.-მ და ინსპექტორმა – დ.თ.-მ მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელს – დ. კ.-ს.

ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა – დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორმა – ლ. ფ.-მ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გამოძიების დაწყებიდან ამ დრომდე, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ჩაატარეს რამდენიმე ასეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, არაერთხელ გამოკითხეს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. მიღებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო გამოძიების წინაშე მდგარი საკითხების გარკვევის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2022 წლის 18 ოქტომბერს, პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გ.ვ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი – ლ.ფ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი – ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი – ლ.ჭ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულია „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი – დ.კ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დ.თ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი – გ.გ. და ვ. გ.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შედეგების შესახებ“, – განაცხადა მურადაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები