ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, პრობლემების იდენტიფიცირება თითქმის დასრულებულია და სურათი არის.
„ჩვენი მიდგომა იქნება სექტორი გადავიყვანოთ ინსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ურთიერთობები გახდეს გამჭვირვალე, ბიზნესპროცესები ხანგრძლივი, პროგნოზირებადი. საერთო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენცია იყოს არა ასიმეტრიული, არამედ ჯანსაღი, დაბალანსებული და სტაბილური. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ სექტორში მოხდება მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღებთ ფასების შემცირების დინამიკას.
ამ ეტაპზე, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ“, – აღნიშნა მან.
კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

